მთავარიამერიკააშშპოლიციელის მოკლული დაუნტ რაითი დაკრძალეს

პოლიციელის მოკლული დაუნტ რაითი დაკრძალეს

შილოს საერთაშორისო ტაძარში ასობით ადამიანი ნიღბებით მივიდა.

მათ პატივი მიაგეს დაუნტ რაითს, ახალგაზრდა ფერადკანიან მამაკაცს, რომელსაც 11 აპრილს ქალაქ ბრუკლინ-სენტერში პოლიციის ოფიცერმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

დაკრძალვა დერეკ შოვინის გასამართლებიდან 2 დღის შემდეგ გაიმართა.

მინეაპოლისის პოლიციის ყოფილი ოფიცერი დამნაშავედ ცნეს ფერადკანიანი მამაკაცის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში.

სამოქალაქო უფლებების დამცველმა ელ შარპტონმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რაითი მხოლოდ იმისთვის გააჩერეს, რომ მას ავტომობილის სარკეზე ჰაერის გამაგრილებელი საშუალება ეკიდა.

 
რაითის დედა აღნიშნავს, რომ შვილმა მას მაშინვე დაურეკა და მიზეზიც უთხრა.

თუმცა პოლიციაში აცხადებენ, რომ რაითი ავტომობილის რეგისტრაციის ვადის გასვლის გამო გააჩერეს.

ელ შარპტონმა სიტყვის გამოსვლისას პოლიციის მსხვერპლნი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ადამიანებმა უნდა ისწავლონ იარაღისა და ელექტროშოკის ერთმანეთისგან გარჩევა და შეიგნონ, რომ არ შეიძლება, კაცს კისერზე 9 წუთის განმავლობაში მუხლი დააჭირო.

რაითი იმ დროს მოკლეს, როდესაც პოლიციამ მისი დაკავება სცადა.

ამ ამბავმა კი ბრუკლინ-სენტერის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია.

ხალხი  ყოველღამე პოლიციის შენობასთან იკრიბება და მომხდარს აპროტესტებს.

ქალაქის მერი მომიტინგეებსა და პოლიციას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ღამის განმავლობაში მომიტინგეები ქვებსა და ბოთლებს ისვრიან, პოლიციელები კი რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით პასუხობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend