კლიმატის სამიტზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიმდინარეობდა, 40 ქვეყნის ლიდერმა მიიღო მონაწილეობა.
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე კლიმატის დამაბინძურებელი მავნე გამონაბოლქვის რაოდენობას დაახლოებით 50%-ით შეამცირებს.
ევროპის ლიდერები ამ ინიციატივას მიესალმნენ და სურვილი გამოთქვეს კიდევ უფრო გაზარდონ თავიანთი წვლილი კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში.
მერკელის განცხადებით, მსოფლიოში სათბური გაზების შემცირების მიზნის მიღწევა დიდწილად არის დამოკიდებული აშშ-ს პოზიციასა და მის მიერ შეტანილ წვლილზე.
,,მოხარული ვარ, რომ აშშ კვლავ აქტიურად დაუბრუნდა კლიმატის პოლიტიკას, რადგანაც უდავოა, რომ თუკი ჩვენ ვაპირებთ პარიზის შეთანხმების სისრულეში მოყვანას, მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ ამ პროცესში მსოფლიოს ძალიან სჭირდება აშშ-ის აქტიური მონაწილეობა”,- განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მსოფლიოსთვის აუცილებელია გარემოს დაცვის საკითხების ჩართვა ინვესტიციებისა და ვაჭრობის განხორციელების პროცესში და რომ მის გარეშე შეუძლებელი იქნება მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა.
იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 750 მილიარდი ევროს ღირებულების ფისკალური გეგმა დაეხმარება ევროპას პანდემიით მიყენებული ზიანის აღდგენისა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში.
,,ევროპაში დავიწყეთ 750 მილიარდი ევროს ღირებულების ერთიანი გეგმის განხორციელება, ამ გეგმას დავარქვით ,,ევროკავშირის მომავალი თაობა’’. მისი ერთ-ერთი პუნქტია ევროპაში ეკოლოგიური ტრანზაქციის განხორციელება და 2050 წლისათვის ნახშირბადისაგან ნეიტრალური ევროპის მიღწევაა” – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოუწოდა განვითარებულ ქვეყნებს, უფრო მეტად შეიტანონ წვლილი კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი განცხადებით, ევროკავშირმა გამოყო დაახლოებით 600 მილიარდი ევრო მწვანე ეკონომიკაზე ტრანზაციის ხელშეწყობისთვის.
ხუთშაბათს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გარემოზე ზედამხედველობის ქვეკომიტეტმა მოისმინა წიაღისეული საწვავის სუბსიდირებასთან დაკავშირებული საკითხები.
შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი იყო ერთ-ერთი, რომელიც ქვეკომიტეტის წინაშე მოხსენებით გამოვიდა.
მისი განცხადებით,სამარცხვინოა, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აბინძურებს წიაღისეული საწვავი გარემოს.