საქართველოში ეთნიკური უმცირესობების გამოწვევებზე იმსჯელეს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე.
თავად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი აქტივისტები ამბობენ, რომ ყოველ ნაბიჯზე მათი საჯარო აქტივობებში მონაწილეობა, მენტალური და გამიზნული ბარიერებით იზღუდება.
ქამრან მამადლი ეთნიკურად აზერბაიჯანული წარმოშობის ქართველია, რომელიც წლებია ამ და სხვა ეთნიკურ უმცირესობასთან დაკავშირებულ პრობლემებს სწავლობს და იკვლევს.
მისი თქმით, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეებით დასახლებულ რეგიონებში, მკვეთრად მცირეა მათი ჩართულობა საჯარო აქტივობებში.
[br]“ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ პოლიტიკოსებს ხშირად თავად პარტიებში აქვთ პრობლემა წინ წამოწიონ მათი დღისწესრიგი. ეს ყოფა აშიშვლებს სწორედ იმ პრობლემებს, რა პრობლემებიცაა დღეს ქართულ პოლიტიკურ ელიტაში. სინამდვილეში მათ არ აქვთ რეალური ნება შეცვალონ არსებული რეალობა და ეს ყველა პოლიტიკურ პარტიას ეხება“, – აცხადებს ქამრან მამადლი.
პრობლემები იდენტურია ეთნიკური სომხებით დასახლებულ საქართველოს რეგიონებშიც. სამცხე-ჯავახეთის მხარეში ამ პრობლემებს სამოქალაქო აქტივისტი ტიგრან ტარზიანი აკვირდება.
„თბილისელი სომხები უფრო არიან ინტეგრირებული და ადაპტირებული საზოგადოებაში, ვიდრე მაგალითად, ჯავახეთში მცხოვრები სომეხი ქართველები. აქ ენა მაინც იციან. იქ კი, ადგილობრივებს ენის ბარიერიც უქმნის პრობლემებს. ამას ემატება პოლიტიკური პარტიების ჩაკეტილობაც. ადგილობრივ თვითმმართველობაშიც ფორმალურად ვართ წარმოდგენილი“, – ამბობს ტიგრან ტარზიანი.
ღონისძიების ორგანიზატორის თქმით, კონფერენციის მიზანი ეთნიკური უმცირესობების თემებიდან აქტივისტებს, მკვლევარებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის რეალური დიალოგისა და პოზიტიური ცვლილებისკენ მიმართული სამუშაო პროცესის დაწყებაა.
„მოსახლეობის ამ ჯგუფის გათიშვა და გარიყვა სახელმწიფო ინსტიტუციებიდან, ძალიან მაღალია სამწუხაროდ. თუმცა, ამ ფონზე ჩვენ, ბოლო წლებში ვხედავთ ადგილობრივი აქტივისტების გააქტიურებას. ისინი ქვემოდან ცდილობენ ზემოთ მყოფებს მიაწვდინონ მათი ხმა. უფრო მეტს ლაპარაკობენ თავიანთ პრობლემებზე, რაც იმის მანიშნებელია, რომ აუცილებელია გატარდეს ძირეული რეფორმები. ადგილობრივი თემები ამით ცდილობენ დაამკვიდრონ მოქალქეობის უფრო ფართო იდეა, რაც მხოლოდ მისასალმებელია. ამ კონფერენციიის მიზანიც ესაა, რომ სხვადასხვა ჯგუფებმა ერთმანეტში ღია დიალოგით ვისმჯელოთ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე“, – განაცხადა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თამთა მიქელაძემ.
ღონისძიებას გარდა ორგანიზატორებისა და ადგილობრივი ეთნიკური თემების წარმომადგენლების გარდა, ექსპერტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერი პოლიტიკოსებიც დაესწრნენ.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობა პარლამენტში კვლავ დაბალია და პოლიტიკური პარტიების მხრიდან მათ საქმიანობაში საქართველოს არაქართული წარმოშობის მოქალაქეები, ფორმალურად და მცირე მასშტაბით ერთვებიან. ამის მიზეზი კი პოლიტიკური ნების არარსებობაა, რომელიც თანაბრად ეხება ხელისუფლებას და ოპოზიციასაც. ასეთ შეფასებას აკეთებენ კონფერენციაში მონაწილე მკვლევრები. მათ დასკვნას ნაწილობრივ ეთანმხებიან ექსპერტები და პოლიტიკოსებიც. თუმცა ეთნიკური უმცირესობების პოზიციების გაძლიერების მთავარ გასაღებს, თავად მათ გააქტიურებაში ხედავენ.
„სამწუხაროდ, მოსახლეობსი ამ ნაწილის პრობლემები პოლიტიკოსებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ გვახსენდება და ისიც ფორმალურად. ჩემი პოლიტიკური მსოფლმხედველობისთვის მათი ჩართულობის გააქტიურება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს დანარჩენი მოსახლეობის. მათი იდეები არამხოლოდ, თემის ინტერესების გათვალისწინებით, არამედ ქვეყნის ზოგადი წინსვლისთვის აუცილებლად უნდა განხორციელდეს“ – განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა „დროა“-ს დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ.
კონფერენციის მონაწილეთა უმრავლესობა პრობლემის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ენის ბარიერსაც ასახელებს. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და სომხების 72% სახელმწიფო ენაზე ვერ საუბრობს. ამავე დროს, ისინი ინფორმაციულ ვაკუუმში არიან. შეხვედრის ორგანიზატორები და დამსწრეები თანხმდებიან, რომ პრობლემის გადასაწყვეტად კომპლექსური მუშაობა თანაბრად უნდა გაწიონ სრულიად ქართულმა საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო სექტორმა.
ალეკო გვეტაძე