მთავარისაქართველორა გამოწვევების წინაშე დგანან ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებული გოგონები საქართველოში

რა გამოწვევების წინაშე დგანან ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებული გოგონები საქართველოში

ალბათ ბავშვობაში ყველას უცდია ჯოხებისგან ან დამტვრეული ნივთებისგან  სათამაშო აეწყო. ბავშვები ამ თვითნაკეთ სათამაშოებს სახელებსა და პროფესიებს ურჩევენ.

ზოგი მეხანძრეა, ზოგიც მზარეული. რა მოხდებოდა მაშინ, თუკი ისინი მოძრავი რობოტის აწყობას შეძლებდნენ?

15 წლის ბაია გრძელიშვილს უკვე არაერთი რობოტი აუწყვია, აულაპარაკებია და აუმღერებია.

„რობოტი გვქონდა აწყობილი ხელოვნური ინტელექტით. მუსიკოსი რობოტი იყო, რომელსაც შენი მითითებისამებრ შეეძლო დაეკრა”, – გვიყვება ბაია გრძელიშვილი.

 
ბაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის“ (FABLAB) პროგრამის მოსწავლეა. ამბობს, რომ თითქმის ყველაფერს სწავლობს რაც ტექნოლოგიებს უკავშირდება, მაგრამ განსაკუთრებით ინჟინერია იტაცებს.

„ჩემი ძმა იყო დაინტერესებული პროგრამირებით და ინჟინერიით, ქმნიდა რობოტებს. მეც გამიჩნდა სურვილი იგივე გამეკეთებინა და ალბათ მეხუთე კლასიდან ამ კუთხით განათლების მიღება დავიწყე.  რატომღაც ისე უყურებენ ყველაფერს, რომ თითქოს მარტო ბიჭები არიან ტექნოლოგიებით, საინჟინრო სფეროთი დაინტერესებულები , მაგრამ ჩვენი,  გოგოების აქტიურობით მგონია, რომ ამ სტერეოტიპებს ვამსხვრევთ და ვაჩვენებთ რომ ამ კუთხით ყველას თანაბარი შესაძლებლობები აქვს.“-ამბობს ბაია.

„ფაბლაბში“ შეხვდებით, დრონებს და რობოტებს, რომლებსაც ბაიას თანატოლები ქმნიან. ყველა მათგანს განსხვავებული სამომავლო გეგმა აქვს.

„ინფორმაცულ საკომუნიკაციო სფეროში ჩართულ გოგოებს უფრო მეტად აინტერესებთ როგორ შეიძლება გარემოს ცვლილებებისთვის გამოიყენონ ეს ტექნოლოგიები. მთავრი გამოწვევა ახლა მათთვის ის არის, რომ ამ ტიპის შესაძლებლობების ნაკლებობაა და ჩვენ სწორედ ამის შევსებას ვცდილობთ“,-ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე- რექტორი ინოვაციების მიმართულებით, ნანა დიხამინჯია.

გაეროს განვითარების პროგრამის კვლევაში, რომელსაც ჰქვია “გენდერული ბარიერები მეცნიერებაში ტექნოლოგიებში ინჟინერიასა და მათემატიკაში“ ნათქვამია რომ. საქართველოში ქალების მხოლოდ 15 % სწავლობს საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, ხოლო თითქმის 14% ინჟინერიას,  კვლევის ავტორები  ამბობენ, რომ ხშირად გოგონებისთვის დაბრკოლება მხოლოდ გენდერული სტერეოტიპები არ არის.

„გარდა სტერეოტიპებისა კიდევ არის ერთი მთავარი გამოწვევაა წვდომა ციფრულ ტექნოლოგიებზე, განსაკუთრებით რეგიონებში. ამ მრავალფეროვანი გამოწვევების გადასაჭრელად არ არსებობს ასე ვთქვათ ერთი გასაღები, რომელითაც შეიძლება ერთ დღეში გადავჭრათ პრობლემა. ამიტომ ეტაპობრივად მივყვებით. გაეროს განვითარების პროგრამა ცდილობს ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, მეორეს მხრივ კი ვსწავლობთ და ვიკვლევთ წვდომას ციფრულ ტექნოლოგიებზე“,- ამბობს გაეროს განვითარების პროგრამის გენდერული თანასწორობის მიმართულების ხელმძღვანელი.

პროგრამირება, მათემატიკა და ბევრი ანგარიში ზოგს აშინებს, ზოგსაც აბრკოლებს, მაგრამ არიან ისეთი გოგონებიც, რომლებისთვისაც ფორმულები და ციფრები, ნამდვილი შემოქმედებაა, რომელთა  საშუალებითაც, ურთულესი მექანიზმები იქმნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend