მთავარიევროპაგერმანიაბერლინში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კოვიდპაციენტების რაოდენობამ რეკორდულად მოიმატა

ბერლინში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კოვიდპაციენტების რაოდენობამ რეკორდულად მოიმატა

საავადმყოფოს პალატები ივსება, სამედიცინო პერსონალი კი უკვე გადაღლილია. უკვე ერთი წელია, რაც კონსულტანტი ტობიას კლოპერი და მისი გუნდი კოვიდინფიცირებულების გამოჯანმრთელებისთვის იბრძვის.

„ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ რამდენიმე კვირა გაგრძელდება. თუმცა ისევ რამდენიმე კვირა ემატება…“, – ამბობს კლინიკის ექიმი ტობიას კლოპერი ევრონიუსთან საუბარში.

„მუდმივად სტრესში ხარ. საკუთარ თავს აჯერებ, რომ რაღაც მიზანი გაქვს. რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვისწავლეთ, რომ ეს ყველაფერი ასე მარტივად არ დამთავრდება. ეს არის მთავარი გამოწვევა – გრძელვადიან სტრესს უნდა გაუმკლავდე, რასაც არადროს ველოდით“, –  თქვა ექიმმა.

 
იმ კოვიდპაციენტების რაოდენობამ, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ, იანვრის შემდეგ რეკორდულად მოიმატა.

ბერლინის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 12 საწოლიდან 6 კოვიდინფიცირებულებს უკავიათ. ბევრი სხვა კლინიკის მსგავსად, მომსახურე პერსონალის სიმცირე მთავარი დაბრკოლებაა.

„ხშირია შემთხვევები, როდესაც მუცელზე წოლის თერაპია წარმატებულია, თუმცა ამისთვის პერსონალის დიდი რაოდენობაა საჭირო. პაციენტის მუცელზე გადმოტრიალება მარტივი არ არის და ამისთვის ბევრი ექთანი თუ ექიმი გვჭირდება. თან არ უნდა დაგვავიწყდეს. რომ კოვიდპაციენტებთან ერთად ჩვენ სხვა პაციენტებსაც ვმკურნალობთ“, – ამბობს ტობიას კლოპერი.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კოვიდპაციენტების მატება კი სხვა პაციენტების მკურნალობის რიცხვს ამცირებს.

მესამე ტალღას კი ახალი დაბრკოლებები მოჰყვა. ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტების საშუალო ასაკი საგრძნობლად დაეცა. მათი უმეტესობა ახლა 40-დან და 60 წლამდე მერყეობს.

შედარებით ახალგაზრდა პაციენტები ინტენსიური თერაპიის პალატებში უფრო დიდხანს რჩებიან, რაც კლინიკებზე ზეწოლას ზრდის.

ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი, რომელიც კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს, მხოლოდ 33 წლისა.

ტობიას კლოპერი კი იმ პაციენტებზე და მათ ოჯახებზე საუბრობს ვინც კლინიკაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ.

„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აქ მდგომარეობა კვლავ ძალიან მძიმეა. ყველა პაციენტის უკან, რომლებიც აქ მკურნალობენ, ოჯახი, ნათესავები და მეგობრები დგანან. ჩვენ თითოეული პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძვით. სწორედ ამის გამოა ეს ყველაფერი“, – ამბობს ტობიას კლოპერი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend