მთავარისაქართველოშეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერთა რაოდენობა იზრდება

შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერთა რაოდენობა იზრდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე პოლიტიკოსები ხელმოწერას განაგრძობენ. სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დღეს, 21 აპრილს ამ დოკუმენტს ხელი მოაწერეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა, თეონა აქუბარდიამ და პაატა მანჯგალაძემ, „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლებმა, ავთანდილ ენუქიძემ და გელა მიქაძემ, ასევე „ლელოს“ საარჩევნო სიის წევრმა, დავით უსუფაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების პროცესი შეაჯამა.


„სულ რამდენიმე დღეში თქვენ თვითონ ნახავთ, რომ ჩვენი პოზიცია არის სწორი პოზიცია. ჩვენი პოზიციითა და გადაწყვეტილებით, ნიკა მელია იქნება თავისუფალი, ის გამოვა საპატიმრო დაწესებულებიდან, შემოვა პარლამენტში და განაგრძობს საპარლამენტო საქმიანობას“, – თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

„ლეიბორისტული პარტია“ ერთ-ერთია, რომელიც შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ აწერს. შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხის განხილვაც კი არასწორია. „ევროპული საქართველოს“ წევრს, ლაშა დამენიას კი იმედი არ აქვს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში დოკუმენტის პუნქტები შესრულდება.

„თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა, თავისივე ხელმოწერილ დოკუმენტზე მიიღონ შედეგები, ამ შედეგების მიღწევა მას შეუძლია თავისუფლად. ამიტომ აქ სხვა გზის ძებნა ფაქტობრივად გამორიცხულია. ოპოზიცია არ ეთანხმება, მთლიანობაში ეთანხმება ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც ხელი მოაწერა, ამიტომ სწორედ ეს იყო გასაკეთებელი, რომ სანამ ამ ხელშეკრულებას ხელს აწერ, დეტალები მანამდე უნდა ყოფილიყო გარკვეული“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლაშა დამენიამ.

შარლ მიშელი საქართველოს 20 აპრილს ეწვია და 21 აპრილს გაემგზავრა. საქართველოს დატოვებამდე კი სოციალური ქსელის ფეისბუკის გვერდზე განცხადება გაავრცელა. შარლ მიშელმა საქართველოს შეთანხმების მიღწევა მიულოცა და პოლიტიკურ ლიდერებს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, ახლა ქართველი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს.

შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე საუბრობენ მმართველ პარტიაშიც. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ დოკუმენტზე ხელმოწერით მათ შექმნეს ყველა ის წინაპირობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლის საკითხი.

„ევროკავშირი მზად არის, რომ გადაიხადოს გირაო და მიკვირს, რომ ამ შემთხვევაში, ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ევროპული საქართველო“, ვინც არიან მის გარშემო შემოკრებილი, უარს ამბობენ, რომ მიიღონ ეს ნაბიჯი, რომელსაც ევროკავშირი დგამს. ესეც ჩვენი კომპრომისული გადაწყვეტილება იყო, გამოდის, რომ ფაქტობრივად უნდა შევიწყალოთ ნიკა მელია, პატიების აქტია პარლამენტის, გარკვეულწილად. ამ ამნისტიასაც, სავარაუდოდ, ის არასამართლიანად მიიჩნევს და არ ვიცი, აპირებს თუ არა დაეთანხმოს, საბოლოო ჯამში. ეს ბოლოს და ბოლოს არის მისი გადასაწყვეტი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ამ დროისთვის ხელს არ აწერს „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend