მთავარი გადაცემები კუბი „საია“ პარტიებს მოუწოდებს, არ დაუშვან ამნისტია სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე

„საია“ პარტიებს მოუწოდებს, არ დაუშვან ამნისტია სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს განცხადებას და მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, რომ არ დაუშვან ინიცირება ამნისტიის კანონისა, რომელიც შეეხება 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

„ამნისტიის გამოყენება იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც დამნაშავენი არიან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობაში, ევროპული კონვენციის მე-3  მუხლს ეწინააღმდეგება“, — ვკითხულობთ გამოქვეყნებულ სტატუსში.

 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მედიაციის პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდებდა, ხელი მოეწერათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ წინადადებაზე, თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავდნენ, რომ შეთანხმება უნდა აღსრულდეს  საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

19 აპრილს შარლ მიშელის შემოთავაზებულ 5-პუნქტიან გეგმას ხელი მოაწერა როგორც მმართველმა პარტიამ, ისე ოპოზიციის ნაწილმა. დოკუმენტში საუბარია პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე.

„ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ წევრი კახა კოჟორიძე ამნისტიის საკითხს ფეისბუკზე ეხმაურება. მისი განცხადებით, 20 ივნისის მოვლენებში მონაწილეთა სრული ამნისტია პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ამნისტიის კანონპროექტი გავრცელდება ყველა იმ საქმეზე, რომლებზეც ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა სამომავლო საქმეებს ის არ შეეხება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კი განაცხადა, რომ კანონპროექტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. მისი თქმით, ამნისტია ეხებათ სავარაუდო დამნაშავეებს და ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ყველა თანასწორია.

უახლესი

სხვა ამბები

საიასაია