ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეცხრე სესია დასრულებულია.
ასამბლეის თანათავმჯდომარეებმა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა სესიაზე იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირთან დაახლოვებისათვის არის მნიშვნელოვანი.
რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდული ომი, საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და რუსეთის სამიზნეები იყო ის ძირითადი საკითხები, რაზეც ევრონესტის ასამბლეის თანათავმჯდომარეებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
ევროპარლამენტარი და ევრონესტის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსმა ხაზი გაუსვა სამი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებულ მთავარ გამოწვევებს.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, არამედ ევროკავშირისთვის. ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი გეოპოლიტიკური მიმართულებაა. საბოლოო ჯამში, ამ ფორმატმა მთელს ევროპის კონტინენტს სტაბილურობა და კეთილდღეობა უნდა მოუტანოს. საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირთან უფრო ღრმა ინტეგრაცია სურთ. იმედი მაქვს, რომ დანარჩენი ქვეყნებიც შეუერთდებიან. მოხარული ვარ, რომ ბელარუსის მხრიდან მოდის დადებითი სიგნალები და მათ სურთ ამ ფორმატში ჩართვა. გრძელდება რეზოლუციებზე ხმის მიცემის პროცესი. გვინდოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული ყველა გამოწვევა ჩვენს მიერ შემუშავებულ ტექსტებში აგვესახა“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კიდევ ერთმა თანათავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა, თავის გამოსვლაში აქცენტები რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნის ევროკავშირთან აქტიურ თანამშრომლობაზე გააკეთა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობამ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ასოცირების შესახებ შეთანხმება მოუტანა და ევროკავშირთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობა მისცა. ეს საკითხები მეტ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს. სწორედ ახლა არის დრო, როცა მომავალზე უნდა ვიფიქროთ და განვსაზღვროთ, თუ საით უნდა წავიდეთ. საქართველომ უკვე განაცხადა 2024 წლის გეგმების შესახებ. მოლდოვა და უკრაინაც ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვიან. ვფიქრობთ, სწორედ ახლა არის ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის სწორი მომენტი. აღმოსავლეთ პარტნიორობამ მომავალი სტრატეგიული ხედვა უნდა შეიმუშავოს და ამბიციურ პარტნიორებს მეტის გაკეთების შესაძლებლობა მისცეს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპასთან ასოცირების საკითხების დროულად გადაწყვეტაზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ბათუმის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, შესაძლოა ასოცირების სამიტად გადაიქცეს, სადაც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციაზე მსჯელობა გაიმართება.
“ბატონ შარლ მიშელს შევთავაზე, რომ ბათუმის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდეს, როგორც ასოცირების სამიტი, რომელზეც ევროკავშირთან ერთად, მოვიწვევთ მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებს. ვფიქრობ, სამივე ქვეყანამ და ევროკავშირმა ერთად უნდა ვიმსჯელოთ ასოცირებით გათვალისწინებულ საკითხებზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირში ინტეგრაციის მსურველ აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს, საშუალებას აძლევს განიხილონ ისეთი მიმართულებები, როგორიცაა – მშვიდობა, სტაბილურობა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია და დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ვაჭრობა ენერგეტიკა, ხალხთაშორის ურთიერთობები და სხვა.
ალეკო გვეტაძე