ფეისბუკის საინფორმაციო გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით ცნობილია, რომ ფეისბუკის ადმინისტრაცია თავდაპირველად Clubhouse-ის ანალოგის ახალ სერვისს საცდელ რეჟიმში აამოქმედებს.
საჯარო ჯგუფებში, ამ სერვისით სარგებლობა 1,8 მილიარდ მომხმარებელსა და ათობით მილიონ აქტიურ ჯგუფს შეეძლება.
ზაფხულისთვის კი ფეისბუკი შექმნის აუდიოთახებს, რომლებიც ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მოგვიანებით ჯგუფების გარდა, Live Audio Rooms-ის მესენჯერშიც ამოქმედდება.
Clubhouse-ის მსგავსად, ფეისბუკსაც ექნება თემატური ოთახები და მომხმარებელს შეუძლია მოუსმინოს ან მონაწილეობა მიიღოს მისთვის საინტერესო აუდიოჩატში.
გარდა ამისა, ფეისბუკი დაამატებს კიდევ ერთ ფუნქციას – Soundbites, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები შეძლებენ მოკლე აუდიოკლიპების შექმნას.
Live Audio Rooms-ით და Soundbites-ით აუდიოკონტენტის შემქმნელები თანხის გამომუშავებასაც შეძლებენ.
იმისათვის, რომ მომხმარებელი შემოვიდეს რუმში ანუ აუდიოოთახში, გარკვეული თანხის გადახდა იქნება საჭირო.
თანხას მომხმარებელი გადაიხდის ერთჯერადი სარგებლობისთვის ან შეუძლია, გამოიწეროს კონტენტი.
ჯერ კიდევ იანვარში იყო ცნობილ ფეისბუკი Clubhouse-ის ანალოგს რომ ქმნიდა, თუმცა მაშინ გაურკვეველი იყო, რა ფორმა ექნებოდა აუდიოჩატებს.
მარტში ინსტაგრამზე, რომელიც ფეისბუკს ეკუთვნის, გაჩნდა ფუნქცია Live Rooms – ეს არის პირდაპირი ეთერისთვის განკუთვნილი ოთახები, რომელთა კონტროლი 4-მდე ადამიანს შეუძლია.
ტვიტერს უკვე შექმნილი აქვს Clubhouse-ის ანალოგი Space, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე ანდროიდის მომხმარებლებისთვის, განსხვავებით თავად Clubhouse-სგან, რომლით სარგებლობა მხოლოდ iOS-ის მფლობელებს შეუძლიათ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფეისბუკი ქმნის სხვა კომპანიების მიერ შემუშავებულ ანალოგებს.
მარკ ცუკერბერგი 2020 წელს აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევაში დაადანაშაულა.