მთავარისაქართველოოპოზიციური პარტიები მთავრობისგან, პირველ რიგში, ნიკა მელიას გათავისუფლებას მოითხოვენ

ოპოზიციური პარტიები მთავრობისგან, პირველ რიგში, ნიკა მელიას გათავისუფლებას მოითხოვენ

19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შემდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხზე მუშაობა დაიწყეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც შეთანხმების მეორე დღეს საქართველოს ეწვია, მიიჩნევს, რომ დაკისრებული ვალდებულებები ყველა მხარემ უნდა შეასრულოს.

„ეს ნდობის საკითხია. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ შევხვდით სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერს და მრჩება შთაბეჭდილება, რომ არსებობს ძლიერი პოლიტიკური ნება, რომ სწორი მიმართულებით გადაიდგას ნაბიჯები. სწორი ნაბიჯების გადადგმა კი ამ შეთანხმების განხორციელებაა“, –  განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

მმართველი პარტია აცხადებს, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ნიკა მელია საპატიმროში არ დარჩენილიყო.

„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ თუ ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლა სურს, მან გირაო უნდა გადაიხადოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით შეთანხმების შესრულებას მთავრობის მხრიდან არავითარი შეყოვნება არ ექნება.

„მაქსიმალურად ვართ მონდომებულები იმისთვის, რომ მოკლედ დროში შესრულდეს ის შეთანხმებები, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

ნიკა მელია უკმაყოფილოა შეთანხმების იმ ნაწილით, რომელიც გირაოს გადახდას ითვალისწინებს. ის ამბობს, რომ მასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა და გირაოს გადახდას არ აპირებს. მელიასთან საპატიმროში პოლიტიკოსები და ომბუდსმენი ნინო ლომჯარია მივიდნენ.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ისევ იმ პოზიციაზეა, რაც ჰქონდა. თვლის, რომ გირაო არ ყოფილა ამ შეთანხმების საგანი. საუბრობს, რომ მასთან მხარეების მხრიდან არ ყოფილა გირაოსთან დაკავშირებით კონსულტაციები. ჩემი პოზიციაა არის, რომ პროკურატურას შეუძლია დღესვე გაათავისუფლოს მელია, გირაოს გარეშეც ”, –  ამბობს სახალხო დამცველი.

20 აპრილს შარლ მიშელი საქართველოს პარლამენტში “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მელიას გათავისუფლების საკითხსაც განიხილავდნენ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ თუ ნიკა მელიას გათავისუფლება ვერ მოხერხდა, მაშინ ის საპატიმროს ამნისტიის კანონის თანახმად დატოვებს.

„რადგან ნიკა მელია უარს ამბობს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე, დარეგისტრირდება კანონი ამნისტიის შესახებ. მე პირადად ვაცხადებ, რომ,  რა თქმა უნდა, ჩემი ხმა ექნება ამნისტიის კანონს იმისთვის, რომ გამოვიდეს ნიკა მელია საპატიმრო დაწესებულებიდან“, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

ნიკა მელიას გათავისუფლება შესაძლოა გახდეს წინაპირობა იმისა, რომ შეთანხმებას სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც თუ პოლიტიკოსებმაც მოაწერონ ხელი.

რაც შეეხება „მთავარი არხის“ დამფუძნებლის გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს, მხარეები საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend