მთავარი ამერიკა აშშ დერეკ შოვინი ნაფიცმა მსაჯულებმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

დერეკ შოვინი ნაფიცმა მსაჯულებმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მინესოტაში 2020 წლის 25 მაისს მოკლული ფერადკანიანი მამაკაცის ჯორჯ ფლოიდის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა პოლიციის ყოფილი ოფიცრის, დერეკ შოვინის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდამტეხი მომენტი დადგა, პოლიციის ყოფილი ოფიცერი დერეკ შოვინი სასამართლომ დამნაშავედ სცნო მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებაში. მან შესაძლოა ციხეში რამდენიმე ათწლეული გაატაროს.

ამ მომენტს კი დიდი ხანი ელოდა ჯორჯ ფლოიდის ოჯახი.

ჯორჯ ფლოიდის და, ლატონია ფლოიდი აცხადებს, რომ როდესაც დაინახა თუ როგორ გაჰყავდათ დერეკ შოვინი ხელბორკილებ დადებული სასამართლო დარბაზიდან მაშინ მიხვდა რომ სამართალი აღდგა.

მთელ მსოფლიოში პროტესტი მოჰყვა იმ გავრცელებულ კადრებს, რომლებშიც კარგად ჩანს, როგორ ჰყავს შოვინს ძირს დაგდებული ფლოიდი და როგორ აწვება იგი მას კისერზე მუხლით, მიუხედავად იმისა,  რომ ფლოიდი ეუბნება, რომ ვერ სუნთქავს.

ინციდენტის შემდეგ ხალხი ქუჩაში გამოვიდა და სამართლიანობა და პოლიციის რეფორმა მოითხოვა.

გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანას მინეაპოლისში არაერთგვაროვანი განწყობა მოჰყვა.  ზოგი სიხარულით შეხვდა ამ ამბავს, ზოგიც კი უკმაყოფილოა ამ გადაწყვეტილებით.

სამოქალაქო უფლებების დამცველი, ელ შარპტონი განცხადებით სასიხარულო არ არის, როდესაც ადამიანი ციხეში მიდის, მისი თქმით, რა თქმა უნდა, ჯობდა ჯორჯ ფლოიდი ცოცხალი ყოფილიყო და დღეს მათ გვერდით მდგარიყო, თუმცა უხარია, როდესაც დაინახა, თეთრკანიანი და ფერადკანიანი ახალგაზრდები გაერთიანდნენ, არ დანებდნენ და ბრძოლა ბოლომდე მიიყვანეს.

შოვინის მიმართ გამოტანილ განაჩენს მიესალმება პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მან განაცხადა, რომ ამ შემთხვევამ ნათლად წარმოაჩინა ის პრობლემები,  რომლებიც შეერთებულ შტატებში რასიზმსა და პოლიტიკას ეხება.

მისი თქმით ეს განაჩენი მცირეოდენი შვება იქნება გარდაცვლილის ოჯახისთვის. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ჯორჯ ფლოიდის მემკვიდრეობა მხოლოდ მისი სიკვდილით არ განისაზღვრება, არამედ იმით, თუ რა უნდა გავაკეთოთ მისი ხსოვნის პატივსაცემად.

მთელი დღის განმავლობაში ადამიანები იმ ადგილას იკრიბებოდნენ, სადაც ჯორჯ ფლოიდი ძირს დააგდეს და ის კადრები გადაიღეს, რომლებმაც მთელი მსოფლიო შეძრა.

მინესოტას შტატში თეთრკანიანი პოლიციელის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობა პირველი შემთხვევაა.

უახლესი

სხვა ამბები