მთავარისაქართველოდოკუმენტს “საქართველოს წინსვლის გზა” ხელი მოეწერა

დოკუმენტს “საქართველოს წინსვლის გზა” ხელი მოეწერა

19 აპრილს შარლ მიშელის დოკუმენტს, სახელწოდებით “საქართველოს წინსვლის გზა”, ხელი მოაწერა როგორც მმართველმა პარტიამ, ისე ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ. ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, ოპოზიციიდან კი „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „რესპუბლიკური პარტიის“, „მოქალაქეების“ „გირჩის“ და პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერებმა.

ხელის მოწერამდე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა მედიატორებს და დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ დღეს მნიშვნელოვანი განმარტებები მოვისმინეთ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა პატიმრების საქმე, 43%-იანი ნდობის ზღვრის გამოყენება თვითმმართველობის არჩევნებში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე კი იმედოვნებს, რომ ეს დოკუმენტი ახალი ფურცელი იქნება ქართულ პოლიტიკაში.

„მინდა ვისურვო, რომ დღევანდელი დღე იქნება გარდატეხისა და შემოტრიალების წერტილი ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის, ჩვენ ძალიან ბევრი წელი დავკარგეთ ერთ ადგილზე დგომით და უკან გადადგმული ნაბიჯებით”, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

პარტია „გირჩის“ ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი კი იმედოვნებს, რომ მომავალში პოლიტიკურ პარტიებს აღარ დასჭირდებათ ევროპელი პარტნიორების შუამდგომლობა.

„ვფიქრობ, ეს ბოლო შემთხვევა იქნება და მხოლოდ ამით გამოვისყიდით თქვენ წინაშე იმას, რომ ამდენი გაწვალეთ. თუ ამის შემდეგ ვისწავლით ერთმანეთთან ლაპარაკს, აღარასდროს დაგვჭირდება ამ ტიპის დახმარება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს პარტია „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, რომელმაც მოგვიანებით პარტია დატოვა.

„დღეს ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს, როგორც საქართველოს პარლამენტის ინდივიდუალური წევრი. ამ დოკუმენტის ხელმოწერა ადასტურებს ერთადერთ რამეს. ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს სხვა ალტერნატივა, გარდა ევროპული მომავლისა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერიც დავით ბაქრაძე დოკუმენტს ხელს აწერს, როგორც პარლამენტის ინდივიდიალური წევრი, რადგან ეს შეთანხმება სჭირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს.

„ჩვენ გვჭირდება, რომ პრეზიდენტმა მიშელმა, ჩვენმა მეგობრებმა ბრიუსელსა და ვაშინგტონში დაინახონ, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს დახმარებას, თანადგომასა და უკეთეს მომავალს“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

დოკუმენტს “საქართველოს წინსვლის გზა”, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს 18 აპრილს შესთავაზა, ხელს არ აწერს რამდენიმე პარტია: „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და “ლეიბორისტული პარტია”.

შარლ მიშელმა ცერემონიის ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა მონდომებისა და სიმამაცისთვის, რომ მათ საქართველოს ინტერესებისთვის გვერდზე გადადეს თავიანთი განსხვავებული შეხედულებები.

„მადლობელი ვარ თქვენი, პოლიტიკურო ლიდერებო და ოპოზიციის არჩეულო წევრებო, თქვენი სიმამაცისა და გაბედული პოლიტიკური არჩევანის გამო. ეს შეთანხმება არ არის ფინიშის ხაზი. ეს თქვენი მუშაობის საწყისი წერტილია საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის. ეს არის კრიზისის მოგვარების ჭეშმარიტად ევროპული გზა“, – განაცხადა ევრპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი დაადასტურა. შარლ მიშელი საქართველოს 20 აპრილს ეწვევა. მას სურს, რომ ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად განიხილოს სამომავლო ნაბიჯები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გასაძლიერებლად.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend