მთავარი გადაცემები გემო დუბაის ინდური სამზარეულო

დუბაის ინდური სამზარეულო

პატარა რესტორანი დუბაიში დიდი მოწონებით სარგებლობს. რესტორანში Tresind Studio სულ 20 ადგილია. ეს რესტორანი სასტუმრო Voco-ში მდებარე რესტორან Tresind-ის ნაწილია, რომელიც ინდურ სამზარეულოს სთავაზობს მომხმარებელს.

შეფმზარეულმა ჰიმანიშუ საინიმ „ევრონიუსისთვის“  ინდოეთში პოპულარული კერძი „ქიჩური“ მოამზადა.

 
ჰიმანიშუ საინი, Tresind Studio-ს შეფმზარეული:


„ეს ბრინჯისა და ოსპის უბრალო კერძია. მაგრამ მის უკან მთელი ისტორია დგას, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია ჩემს ქვეყანაში. მას ყველა რეგიონში ამზადებენ, მაგრამ თითოეულ ოჯახს საკუთარი რეცეპტი აქვს. ჩვენ გამოვიყენეთ ყვითელი ბარდა და წითელი ოსპი ბრინჯთან ერთად.”

შეფმზარეულმა ბარდა და ოსპი წინასწარ 30 წუთით დაალბო და მერე მოხარშა, შემდეგ კი ქიჩურისთვის საკმაზი მოამზადა. იგი გვიხსნის, რომ „ქიჩური“, რომელსაც „ქიჩდსაც“ უწოდებენ, სხვადასხვა სანელებლით იკმაზება, რომელიც  მოხრაკულ ერბოში იყრება – ერბო ინდური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. შეფმზარეული ჰიმანშუ ამატებს კვლიავის მარცვლებს, კოჭას, წითელ ცხარე წიწაკას, დაფქვილ ქინძს და კურკუმას, ბოლოს კი ცოტა პომიდორსა და ხახვს.  ეს ყველაფერი 10 წუთი დუღს. მერე ემატება ცოტა კარაქი და ლიმონის წვენი, ბლომად ქინძი, ცოტაც ნაღები. კერძის ინგრედიენეტები და სანელებლები ინდოეთის რეგიონებიდანაა.

ჰიმანიშუ საინი, Tresind Studio-ს შეფმზარეული:

„ეს ზაფრანა ჯამუდან არის, მსოფლიოში საუკეთესო ზაფრანა სწორედ ამ რეგიონში მოდის. მწვანე ვაშლი, რომელიც ჰიმაჩალ-პრადეშიდან არის, კერძს სასიამოვნოდ მომჟავო გემოს მისცემს. პაპაიას ჩატნი გუჯრათიდანაა.  ეს ნივრის ჩატნი მაჰარაშტრიდან გვაქვს. ერთი მწიკვი უნდა. შავი პილპილი კერალიდანაა, ეს კი მადრასის ფხვნილია – რომელიც ბრინჯისა და ოსპის სუნელებით შენელებული ნაზავია და ტამილნადუშია დამზადებული, კონკრეტულად ჩენაიში.“

საერთო ჯამში შეფმზარეულმა 20 საკმაზი გამოიყენა, რომლებიც ინდოეთის ყველა რეგიონიდან მოდის. იგი ამბობს, რომ კერძს ნებისმიერი სანელებელი შეიძლება დაემატოს, რაც კი სამზარეულოში მოიპოვება. მზა კერძს ზემოდან ახლადდაკეპილი მწვანილი ეყრება.

ავტორი: სარა ჰედლი ჰაიმერსი

უახლესი

სხვა ამბები

დუბაიდუბაი