ევროპის რამდენიმე ქვეყანამ დანიისგან “AstraZeneca-ს” ვაქცინის პარტიების შესყიდვის სურვილი გამოთქვა.
14 აპრილს დანიის ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ “AstraZeneca-ს” პრეპარატს აღარ გამოიყენებენ. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება “AstraZeneca-ს” ვაქცინასა და სისხლის შედედების იშვიათი შემთხვევების შესაძლო კავშირს.
მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ნორვეგიის ჯანდაცვის ინსტიტუტმაც.
ხუთშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ დანიაში გამოუყენებელი დოზების სხვა ქვეყნებისთვის გაზიარებაზე მსჯელობენ.
ჯანდაცვის მსფოლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ “AstraZeneca-ს“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია, თრომბოზისა და სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი კი ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ბევრად მაღალია.
ევროპის წამლის სააგენტოშიც აღნიშნავენ, რომ “AstraZeneca-ს“ ვაქცინის სარგებელი მისი გვერდითი მოვლენების რისკებს აჭარბებს.
14 აპრილს ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა გამოაქვეყნა ტვიტი და აღნიშნა, რომ მზად არის, დანიისგან ვაქცინის დოზები შეიძინოს.
Sháníme vakcíny po celém světě. Jsme ochotni odkoupit AstraZenecu z Dánska. Já v pondělí odlétám do Moskvy, kde chci dojednat případné dodávky Sputniku V po jeho schválení Evropskou lékovou agenturou.
— Jan Hamáček (@jhamacek) April 14, 2021
ვაქცინის შეძენის სურვილი აქვთ ლიეტუვისა და ლატვიის ჯანდაცვის მინისტრებსაც, თუმცა საბოლოოდ როგორ გადაწყდება საკითხი, ჯერჯერობით უცნობია.