მთავარი საქართველო ოპოზიციური პარტიების ლიდერები 15 მაისის აქციისთვის ემზადებიან

ოპოზიციური პარტიების ლიდერები 15 მაისის აქციისთვის ემზადებიან

ევროპელი დიპლომატის მედიაციით ორჯერ ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ. ისინი ამბობენ, რომ მოქალაქეებთან აქტიურ კომუნიკაციას ორი ძირითადი მიმართულებით აგრძელებენ.

„დღეს ოპოზიციის შეხვედრა კახეთში იმართება, რამდენიმე დღეში იქნება აჭარაში და ა.შ. ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას ორი ძირითადი მიმართულებით ვაგრძელებთ. ერთი ეს არის მზადება 15 მაისისათვის და მეორე, ვაგრძელებთ მზადებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისათვის“, – თქვა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლელა ქებურიამ.

 
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები რეგიონებში იმიტომ ჩადიან, რომ მოსახლეობას საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება გააცნონ. მათივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები რეგიონებიდან თბილისში ჩამოვიდნენ და ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნება ერთად მოითხოვონ.

„გვინდა, შევხვდეთ ჩვენს მოსახლეობას რეგიონებში და გავაცნოთ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება. ვიცით, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სიღარიბეს ებრძვიან, არ აქვთ შესაძლებლობა თვალი მიადევნონ იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც ქვეყანაშია“, – აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

ამასობაში ხელისუფლება მზად არის, მოლაპარაკების პროცესში კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. მათ შორის, კომპრომისულიც.

„ არაერთხელ დავადასტურეთ და მომავალშიც მზად ვართ, რომ კონსტრუქციული მიდგომა გამოვავლინოთ, პრინციპების დაცვით“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სურთ პოლიტიკური შეთანხმება შედგეს და ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. თუმცა, კვლავ არ აპირებენ დააკმაყოფილონ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები – რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას გულისხმობს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

ოპოზიციური პარტიებიოპოზიციური პარტიები