მთავარი საქართველო „ქართულად ასე ჟღერს...“

„ქართულად ასე ჟღერს…“

ბევრი ამბობს, რომ ქართული ენა რთულია… საქართველოში წლებია ცხოვრობენ სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებმაც ქართული ენა მშობლიურივით შეიყვარეს. ზოგიერთმა დამოუკიდებლად ისწავლა ქართულად წერა, კითხვა და საუბარი, ზოგმა კი მეგობრების დახმარებით. ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობენ და სწორედ ქართულ ენაზე ეცნობიან ადგილობრივ ტრადიციებს, კულტურას.

ჩვენი რეპორტაჟის გმირები სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ, თუმცა საერთო ის აქვთ, რომ დიდხანს გეგმავენ საქართველოში დარჩენას და აპირებენ ქართული ენის კიდევ უფრო უკეთ შესწავლას.


ამერიკელი მხატვარი, მეღვინე და რესტორატორი ჯონ ვერდმანი საქართველოში 20 წელზე მეტია ცხოვრობს. მან ქართულის სწავლა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე გადაწყვიტა.

“მაინტერესებდა ქართული კულტურა და მინდოდა უშუალოდ, ადგილობრივ ენაზე მქონოდა ამ ყველაფრის გაცნობის საშუალება. მაინტერესებდა ხალხური სიმღერები, კულინარია, ღვინო. როდესაც დავდიოდი საქართველოს რეგიონებში, სოფლებში, ვფიქრობდი, რომ თუ ქართულ ენაზე ვისაუბრებდი, ჩემს მასპინძლებს მეტი კომფორტი შეექმნებოდათ. ქართულში არის ასეთი სიტყვა – ორსული. სად ორსული და სად pregnant (ინგლ. ორსული). ორსული ძალიან ლამაზი სიტყვაა. ამ სიტყვის შინაარსი მთელ ფილოსოფიას ატარებს. მაგალითად, “გენაცვალე”, “შენი ჭირიმე” – ამ სიტყვებში მთელი ისტორიის ანარეკლია”, – ამბობს ჯონ ვერდმანი.

იაპონელი სტუდენტი რიოსეი სუგინაკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ენათმეცნიერებას სწავლობს. ის საქართველოში 4 წლის წინ ჩამოვიდა და აქ დიდხანს აპირებს დარჩენას.

“ქართული ენის ერთ-ერთი უნიკალური თვისება ის არის, რომ მას სრულიად განსხვავებული ფონეტიკური სისტემა აქვს. ქართულში ბევრი ისეთი ბგერაა, რომელიც სხვა ენებში არ არის. მაგალითად – კ, ყ, ჭ. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, ამ ენის ერთ-ერთი უნიკალური თვისება სწორედ ეს არის”, – ამბობს რიოსეი სუგინაკა.

მუსიკოსი კრისტოფერ მენინგი ქართულად წერს. ის არა მხოლოდ წერს და საუბრობს, ლიტერატურასაც კითხულობს ქართულად.

“ქართული ლიტერატურა წაკითხული მაქვს. კლასიკოსებიც, თანამედროვე მწერლებიც. ვკითხულობ მოთხრობებსაც. თანამედროვე ლიტერატურა ძველისგან განსხვავდება. წავიკითხე ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი?”, მისი ენა ჩემთვის ცოტა რთულად გასაგები აღმოჩნდა”,- ამბობს კრისტოფერ მენინგი.

კრისტოფერი საქართველოში ამერიკიდან 8 წლის წინ ჩამოვიდა. ამბობს, რომ აქ დიდხანს დარჩება და კიდევ უფრო მეტს წაიკითხავს ქართულად.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

ქართულადქართულად