ექსპერიმენტებისა და ძიების ტერიტორია – სწორედ ასე ახასიათებენ ორგანიზატორები თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში მიმდინარე გამოფენას. ექსპოზიციისთვის, სახელწოდებით „გარდასახვა ანუ 17 მარცვალი“, გიორგი შენგელიამ ციფრული და ფირის ფოტოგრაფია გააერთიანა. ნამუშევრები შემდგომ ხელითაა დამუშავებული.
გამოფენის ავტორი გიორგი შენგელია აღნიშნავს, რომ სწორედ ამ გზით ხდება გარდასახვა.
„სურათის გადაღებისას შეიძლება ჩვენ ერთი რეალობა დავაფიქსიროთ, ხოლო დაბეჭდვის პროცესში ეს იყოს სხვა რეალობა. თავდაპირველად ვმუშაობდი ციფრულ ფოტოგრაფიაზე. ვცადე, რომ ამის რეალიზება მომეხდინა არა მხოლოდ ბეჭდვის, არამედ მასზე გარკვეული ფიზიკური მუშაობის გზით. ციფრულიდან შემდგომ გადავედი ფირის ფოტოგრაფიაზე და ეს ყველაფერი ერთმანეთთან გავაერთიანე“, – ამბობს გიორგი შენგელია.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიქმნა, იაპონური ესთეტიკის ასოციაციას იწვევს.
ავტორის თქმით, სწორედ ამიტომ შეურჩია მას სახელწოდება „გარდასახვა ანუ 17 მარცვალი.“ სიმბოლოებით დატვირთულ იაპონურ პოეტურ ფორმაში, ჰაიკუში, სწორედ 17 მარცვალია.
გამოფენაზე წარდგენილი ფოტოების სტილისტიკა დიდწილად საოჯახო ალბომებში თავმოყრილმა პატარა ფოტოებმა განსაზღვრა.
გიორგი შენგელიას სწორედ საოჯახო ფოტოებმა შთააგონა დღევანდელ რეალობაში მსგავსი ფოტოების გადაღება. შემდეგ კი ნამუშევრების სპეციფიკამ გამოფენის ორგანიზატორებს ექსპოზიციის ხასიათიც უკარნახა.
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის თანადამფუძნებელი ნესტან ნიჟარაძე აღნიშნავს, რომ გამოფენაზე მუშაობა მუზეუმისთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო.
„უნდა გვეპოვა ის ფორმა, ის ხაზები, ის ტრაექტორია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა, ნამუშევრები ისეთივე ცოცხალი დარჩენილიყო… რომ მათ ესუნთქათ კედელზე… თავიანთი შინაგანი მოძრაობის ტრაექტორია მოეხაზათ “ – გვიყვება ნესტან ნიჟარაძე.
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნით ისარგებლა და ეს პერიოდი გამოფენების გასამართად გამოიყენა.
ფოტოგრაფიის მოყვარულებს კვლავ მიეცათ ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო სივრცეში დათვალიერების შესაძლებლობა.
„ბუნებრივია, სულ სხვანაირად ცოცხლობს ნამუშევარიც და გამოფენაც, როდესაც იგი არ არის მხოლოდ ვირტუალურ ფორმატში, არამედ ფიზიკურად არის წარმოდგენილი და მაყურებელს უშუალოდ შეუძლია მოვიდეს და ნახოს“, – ამბობს მუზეუმის თანადამფუძნებელი.
დამთვალიერებელს ექსპერიმენტული ფოტოგრაფიის გამოფენის ნახვის შესაძლებლობა თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში 15 მაისის ჩათვლით ექნება.
თორნიკე კოპლატაძე