მთავარისაქართველო1990 წლიდან 14 აპრილი ქართული ენის დღეა

1990 წლიდან 14 აპრილი ქართული ენის დღეა

საქართველოში დედაენას ძეგლი დაუდგეს, ძეგლი თბილისში, დედა ენის ბაღში დგას და მის ირგვლივ ყოველდღე უამრავი ადამიანი სეირნობს.

განსაკუთრებით ბევრი ხალხი, ტრადიციულად აქ 14 აპრილს იკრიბება, და ქართული ენის დღეს აღნიშნავს.

ამ დღეს იმ მოვლენებსაც იხსენებენ, რომლებიც 1977 წელს განვითარდა.  მაშინ საბჭოთა კავშირში ახალი კონსტიტუცია მიიღეს და ყველა მოკავშირე ქვეყნის სახელმწიფო ენად რუსული ენის გამოცხადება გადაწყვიტეს.

ამ გეგმის მიხედვით, ქართული ენა საქართველოში აღარ იქნებოდა სახელმწიფო ენა. დიდი საპროტესტო მოძრაობა ქართული ენის დასაცავად 1978 წლის 12 აპრილს დაიწყო. ხალხი ქუჩაში გამოვიდა…

„საქართველოში ეს აღქმული იყო გარუსების საფრთხედ. აი, თითქოს რუსები გვიპირებენ რომ წაგვართვან ენა. უცებ იფეთქა სტუდენტურმა პროტესტმა, მეც მაშინ სტუდენტი ვიყავი და მახსოვს, რომ ლექტორები და უფროსი თაობის წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ, არ გახვიდეთ შვილებო,  არ იცით ვისთან გაქვთ საქმე ესენი დაგხოცავენ გესვრიან..ჩვენც მაშინ ვინც გულანთებულები ვიყავით და ენის შეურაცხყოფის გამო მივდიოდით იქ, ვუშვებდით იმას რომ შეიძლება მართლა მოხდეს სროლა“, – იხსენებს პოლიტიკის ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი.

 

ახალგაზრდების პროტესტმა შედეგი გამოიღო. მოსკოვმა დათმო. დათმობის შესახებ ხალხს უმაღლესი საბჭოს მერვე სესიაზე საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ 14 აპრილს აცნობა

ედუარდ შევარდნაძე: „უმაღლესი საბჭო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დავტოვოთ შევინარჩუნოთ ფორმულირება, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ენად ქართული ენის გამოცხადებას“.

რატომ შეცვალა გადაწყვეტილება დათმობებს შეუჩვეველმა საბჭოთა კავშირმა? ამაზე ისტორიკოსებს ასეთი პასუხი აქვთ:.

„14 აპრილს ძალიან კარგად ჩანდა, რომ ბოლო წუთამდე ეს გადაწყვეტილი არ იყო მიღებული. მახსოვს ლაივი იყო სადაც ჩანდა შევარდნაძე როგორ წელავს ამ სიტყვას, რომ მოსკოვმა პარალელურად გადაწყვეტილება მიიღოს.

მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო რუსი მეორე მდივანი საქართველოს კომუნისტური პარტიისა, კოლბინი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ძალადობა საჭირო არ იყო, არადა ყველაფერი მზად იყო საბოლოოდ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ დათმობაზე წასვლა შესაძლებელი იყო რადგან სხვა მექანიზმებიც არსებობდა რუსიფიკაციისათის“,- ამბობს ისტორიკოსი და ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძე.

ლიტერატურის თეორეტიკოსი რამაზ ჭილაია ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირი ენის დასაცავად ასეთ პროტესტს არ ელოდა.

„მაშინ ჯერ კიდევ იყვნენ ის ადამიანები ვინც აცნობიერებდა ამას რა მოჰყვებოდა  და მეორე იყვნენ ისეთებიც ვისაც უნარი ჰქონდა, რომ სხვებისთვის გადაეცათ ეს რომ დავკარგოთ ამით რა მოხდება, რა შედეგი დადგება“-ამბობს რამაზ ჭილაია

ქართული ენის დასაცავად გამართული პროტესტის ხმამ დასავლეთამდეც მიაღწია. 1978 წლის 15 აპრილს ამერიკული გაზეთი ნიუ იორკ თაიმსი საბჭოთა საქართველოში ქართული ენის გადარჩენაზე წერდა:

„თბილისიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 20 000-მდე დემონსტრანტი ქუჩაში გამოვიდა და საქართველოს კომუნისტური პარტიის სათავო ოფისის წინ შეიკრიბა. ისინი აპროტესტებენ კონსტიტუციის ახალ პროექტს, რომელიც ქართულ ენას როგორც სახელმწიფო ენას, აუქმებს…

პროტესტის დასრულებისას გავრცელდა ხმა, რომ საქართველოს პარტიის ლიდერი ედუარდ შევარდნაძე ქართული ადგილობრივი ენის ოფიციალური სტატუსის აღდგენას დათანხმდა. თუ ეს სიმართლეა ეს იქნება უპრეცენდენტო დათმობა. საბჭოთა პრესაში კი არეულობა ნახსენები საერთოდ არ ყოფილა“.

წლევანდელ აპრილს, დედაენის ძეგლთან ნაკლები ხალხი იქნება… პანდემიის გამო, შესაძლოა ძველებურად ვერ შეიკრიბონ ახალგაზრდები.

მაგრამ 14 აპრილი, და ქართული ენის დღე ყველას ახსოვს და თავისებურად აღნიშნავს.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend