მთავარი მსოფლიო ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე სამხედრო დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდებს

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე სამხედრო დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტებს შორის საუბრის მთავარი საკითხი რუსეთ-უკრაინის საზღვარზე სამხედრო დაძაბულობა იყო.

მათ ასევე განიხილეს რეგიონული და გლობალური საკითხები  და დიალოგის რეჟიმში ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები სტრატეგიული სტაბილურობის მისაღწევად. თეთრი სახლის  განცხადებით, ბაიდენმა ხაზი გაუშვა აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

მოსკოვმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ ბაიდენი შეხვედრას სთავაზობდა პუტინს, თუმცა უცნობია, დასთანხმდა თუ არა რუსეთის ხელისუფლება ამ შემოთავაზებას.

უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები ადანაშაულებენ რუსეთს, უკრაინის საზღვართან ათობით ათასი სამხედრო მოსამსახურის მობილიზების გამო.

უკრაინული მედიის ცნობით, 80 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცია უკრაინა – რუსეთის საზღვართან, შესაბამისად, არსებობს რეალური საფრთხე, რომ  ქვეყნაშიც შეიჭრან.

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც რამდენიმე საათით ადრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ბრიუსელში NATO-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს და დახმარება ითხოვა.

,,რუსეთის მიერ სამხედრო ძალების საზღვარზე მობილიზაცია გაუმართლებელი, აუხსნელი და ძალიან შემაშფოთებელია. რუსეთმა უნდა დაასრულოს სამხედრო ძალების გაძლიერება უკრაინის საზღვრებზე, შეწყვიტოს პროვოკაციები და დაუყოვნებლივ მოახდინოს  კონფლიქტის დეესკალაცია”, -განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების  განცხადებით, მათი ქმედებები საპასუხო ნაბიჯია ნატოს მიერ რუსეთის საზღვრებთან სამხედრო ძალების მობილიზების გამო.

,, ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ზომები ალიანსის სამხედრო ქმედებების საპასუხოდ, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას. უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში ორი არმია და სამი საჰაერო სადესანტო დანაყოფი გამოაგზავნეს რუსეთის ფედერაციის დასავლეთ საზღვართან, სადაც მათ გაიარეს საწვრთნელი მომზადება და შეასრულეს საბრძოლო მისიები. ჯარები აჩვენებენ სრულ მზადყოფნას და უნარს, შეასრულონ ნებისმიერი დავალება ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”,- აცხადებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.

ამავე დროს, 2021 წლის დასაწყისიდან აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო შეტაკებები განახლდა  უკრაინის სამხედრო ძალებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის.

უახლესი

სხვა ამბები