აეროპორტების გაერთიანების ცნობით, Wizz Air-ი საქართველოს ბაზარზე ფრენებს ანახლებს.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ავიაკომპანია Wizz Air-ს შორის გაფართოებულ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. შედეგად, 18 აპრილს Wizz AIR ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას დაიწყებს“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.
თავდაპირველად რეისები კვირაში ერთხელ შესრულდება, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით კი, სამომავლოდ სიხშირეები გაიზრდება.
მაისიდან კი, ავიაკომპანია ქუთაისიდან რეგულარული ფრენების განახლებას რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს.
ხოლო, ივნისიდან, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ეტაპობრივად განახლდება პირდაპირი ფრენები ევროპის კიდევ 13 მიმართულებით.
საჰაერო გზით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით ან საზღვარზე კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით შეუძლიათ. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ლიეტუვის სახელმწიფოში შესვლისას, იმ პირობების გარდა, რასაც ქვეყნის მთავრობა ითხოვს, გამგზავრებამდე აუცილებლად შევსებული უნდა ჰქონდეთ სპეციალური PLF ფორმა ვებგვერდზე.
პოლონეთის მთავრობა მგზავრებისთვის წინასწარი რეგისტრაციის შესავსებ სპეციალურ ფორმას არ ითხოვს. დეტალური ინფორმაცია საზღვრის კვეთასთან დაკავშრებით იხილეთ ბმულზე.