პანდემიის მთავარი გზავნილი ასეთია: უსაფრთხოდ არავინ არაა, სანამ ყველა არ იქნება უსაფრთხოდ. თუმცა COVID-19-ის ვაქცინების განაწილებასთან დაკავშირებული დისბალანსი საფრთხეს უქმნის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას.
აშშ იმ 100 ქვეყანას შორისაა, სადაც დღეში 4 მილიონ ადამიანს ცრიან. ამასთან, დაახლოებით 30 ქვეყანას, მათ შორის აფრიკის დიდ ნაწილს, ჯერ კიდევ არ მიუღია ვაქცინის პირველი დოზა.
„მასშტაბურმა ვაქცინაციამ 75%-ს მსოფლიოს მხოლოდ 10 ქვეყანაში მიაღწია. ზოგიერთმა ქვეყანამ ახლა უნდა დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი. ვაქცინაცია, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალსა და დაუცველ ჯგუფებს ჩაუტარდებათ. ვაქცინის განაწილების პრობლემა საფრთხეს უქმნის ყველას ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ვირუსი ყველგან საშიშია“,- განაცხადა გაეროს გენერალურა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა.
COVAX პლატფორმა ცდილობს ვაქცინის განაწილებისას აღმოფხვრას უთანასწორობა. ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლითაც ღარიბ და განვითარებად ქვეყნებს ვაქცინებით უზრუნველყოფენ.
COVAX– მა ვაქცინის თითქმის 38,4 მილიონი დოზა ექვს კონტინენტზე 102 ქვეყანას მიაწოდა. პლატფორმა მიზნად ისახავს, 2 მილიარდზე მეტი დოზა გასცეს, მაგრამ პრობლემები მასაც შეექმნა.
AstraZeneca-ს ვაქცინას, რომელიც COVAX პროგრამის ძირითადი საყრდენი იყო, ხალხი ეჭვის თვალით უყურებს, რადგან აცრის შემდეგ ზოგიერთ პაციენტს თრომბი განუვითარდა.
ვაქცინებით მომარაგება შეფერხებულია ევროპაშიც. ეს გლობალური მასშტაბის საკითხია, როგორც ჩანს, საჭიროა რამდენიმე ვაქცინის შემუშავება, მათი წარმოება და გავრცელება სხვადასხვა კონტინენტზე.
როგორც გაეროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ”საერთაშორისო თანამშრომლობა” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ პანდემიის დროსაც და მის შემდეგაც.