წეროვნის დევნილთა დასახლებაში პანდემიით გამოწვეული სირთულეები განსაკუთრებით იგრძნობა, მაგრამ დევნილები არ ნებდებიან…
ორმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა, ბედი ეცადა და ახალი ხელობა შეესწავლა. ეკა ოვაშვილი ერთ-ერთია, მათ შორის, ვინც ახალ პროექტში მონაწილეობს.
პროექტს სოციალური საწარმო „იკორთა“ ატარებს და მას „შეგირდის პროგრამა“ ჰქვია.
ეკა ოვაშვილი ამ სოციალურ საწარმოში ტიხრულ მინანქარზე მუშაობს.
„საინტერესო პროცესიაა. ნელ-ნელა რომ აწყობ… თავიდან იდეა გაქვს და ეს იდეა ერთი კვირის მერე წინ რომ გიდევს, სასიამოვნო გამოცდილებაა. ბოლოს ღუმლიდან გამოიღებ და ნახავ, თავდაჯერებულობა გემატება. ფიქრობ, რომ ეს ერთი თუ გააკეთე, კიდევ ბევრი რამის გაკეთებას შეძლებ“, – ამბობს ეკა ოვაშვილი.
პროექტი „შეგირდების პროგრამა“ დანიის ლტოლვილთა საბჭოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. ორი ახალგაზრდა ათი თვის განმავლობაში შეისწავლის მინანქრის ხელოვნებას და პარალელურად საწარმოში იმუშავებს. მათი ხელმძღვანელი ტიხრული მინანქრის ოსტატი მაია გოჩაშვილია, რომელიც წეროვანში 2008 წლის ომის შემდეგ დასახლდა.
„გარდა იმისა, რომ შემოქმედებითი პროცესია, რაც ერთგვარი არტთერაპიაა, ასევე შემოსავლის წყაროცაა. ეს საქმე მაძლევს საშუალებას, რომ ღირსეულად ვიცხოვრო, მომავალზე ვიფიქრო, განვვითარდე და სხვებსაც გავუზიარო ჩემი გამოცდილება“, – აღნიშნავს მინანქრის ოსტატი.
მაია გოჩაშვილის თქმით, როდესაც მოსახლეობა აქ პირველად დასახლდა, მთავარი პრობლემა უმუშევრობა იყო. სწორედ ამ პრობლემასთან გასამკლავებლად დააარსა 2012 წელს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „უკეთესი მომავლისთვის“ ტიხრული მინანქრის სახელოსნო.
სოციალური საწარმოს მიზანია, იძულებით გადაადგილებული ქალებისა და ახალგაზრდების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, დასაქმების ხელშეწყობა და ფინანსური მდგომარეობის გაძლიერება.
„როგორ შეიძლება მოხდეს დევნილების ინტეგრაცია და ადაპტაცია ახლად ჩასახლებულ ადგილებში? ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ დასაქმებისა და რეალიზების შესაძლებლობა. ძალიან კარგი იქნება, თუ ეს ადგილზევე იქნება შესაძლებელი“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის „უკეთესი მომავლისთვის“ დამფუძნებელი ნანა ჩქარეული.
დევნილთა დასახლებაში კი მიაჩნიათ, რომ მიუხედავად პროექტის მცირე მასშტაბებისა, ის დასახლებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
სოფელ წეროვნის მესამე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირმა ტატიშვილი ამბობს, რომ დასაქმებულთა უმეტესობა წეროვნის დასახლების გარეთ მუშაობს.
„პანდემიამ ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაართულა იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ, სანამ კომენდანტის საათი დაიწყება. ასეთ სიტუაციაში ადგილობრივი სოციალური საწარმო ოაზისია“, – ამბობს ირმა ტატიშვილი.
წეროვნის დევნილთა დასახლებაში უმუშევრობა კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. ადგილობრივი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირმა ტატიშვილი იმედოვნებს, რომ პროექტი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობის მაგალითი გახდება.
თორნიკე კოპლატაძე