საქართველოს მწერალთა სახლში მკითხველებს ერთი საუკუნის წინანდელი წიგნის ახალი გამოცემა დახვდათ. “სოციალიზმ-ფედერალიზმი საქართველოში“ – არჩილ ჯორჯაძეს ეკუთვნის, რომელიც მან 1907 წელს გამოსცა.
„ამ წიგნის ერთადერთი ეგზემპლარი ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში იყო. შემეშინდა, არ დაკარგულიყო. ამიტომ გადავწყვიტე მისი ახლიდან გამოცემა.
ეს წიგნი, თავის ტექსტით, თანამედროვეა და ვფიქრობ, რომ მკითხველს ძალიან დააინტერესებს. ძალიან ბევრი პარალელის გავლება შეიძლება თანამედროვე და იმ დროინდელ საქართველოს შორის“, – ამბობს წიგნის წარმდგენი და გამომცემელი, ერეკლე ჩინჩალაძე.
პროექტის ავტორი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადობამ კარგად იცოდეს რა არის ფედერალიზმი და რა დადებითი მხარები აქვს ამ იდეოლოგიას. ძველი და ამავდროულად ახალი პუბლიკაცია მწერალთა სახლში მისული მკითხველებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა.
“მიუხედავად იმისა, მომწონს თუ არა მე ეს პოლიტიკური იდეოლოგია, საინტერესო და მისასალმებელი ფაქტია, რომ ქართული პოლიტიკური ლიტერატურა არ იკარგება, რომ მოხერხდა ამ წიგნის თავიდან გამოცემა. მკითხველს შესაძლებლობა მიეცა ამ ნაწარმოებს გაეცნოს, ჩემი აზრით ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია“, – ამბობს გიორგი ჭიორელი
“სოციალიზმ-ფედრალიზმი საქართველში“ – ეს წიგნი დღეიდან მხოლოდ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში აღარ იქნება და მას ყველა მსურველი წაიკითხავს.
კესარია ჯავახიშვილი