მთავარისაქართველოშეთანხმების მოლოდინში

შეთანხმების მოლოდინში

ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის რამდენიმე თვიანი დაპირისპირების ფონზე პარტია „გირჩის“ წარმომადგენლები თავიანთ სამოქმედო გეგმაზე საუბრობენ და გაზეთის პირველ გვერდს „თიზერის“ სახით აქვეყნებენ, სადაც იმის შესახებ წერია, თუ რა შემთხვევაში შევლენ პარლამენტში.

ამ ფაქტს სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები ეხმაურებიან. მათი თქმით, ოპოზიციამ არა ერთხელ განაცხადა, რომ ძირითადი ჩარჩო-ხელშეკრულება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ექვსპუნქტიანი ხელშეკრულება უნდა იყოს, ამიტომ ამ პუნქტების გარეშე სხვა საკითხებზე საუბარი, მათი შეფასებით, მიზანშეწონილი არ არის.


„მთავარი მოთხოვნა, რაც გააჩნია ოპოზიციას, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე ქართული ოპოზიცია არ წავა ხელისუფლებასთან სხვა დანარჩენი პუნქტებთან დაკავშირებით არანაირ მოლაპარაკებაში“, – თქვა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ.

პარალელურად ოპოზიციური პარტიების ლიდერები ისევ მოლაპარაკებების შესახებ საუბრობენ და ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კვლავ უცვლელი რჩება და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი.

„მოველით, რომ მოლაპარაკებები ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დახმარებითა და მათ მედიაციით გაგრძელდება და გვაქვს იმედი, რომ ისეთი საკითხები დაისმევა და, პირველ ყოვლისა, ეს არის ვადამდელი არჩევნების საკითხი, რომელიც ქვეყანაში მოაგვარებს პოლიტიკურ კრიზისს, რაც შექმნილია ივანიშვილის რეჟიმის მიერ არჩევნების გაყალბებისა და ძალადობის გზით ხელისუფლების უზურპაციით“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ.

სახელისუფლებო გუნდში კი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ პრინციპულად მზად არის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწეროს და დიალოგი პოზიტიურად დასრულდეს.

„იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია საკუთარ დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს და გარკვეულ ნაწილში გადააფასებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილს თალაკვაძემ.

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ ის პრობლემები, რომლებიც საქართველოშია, მთელი მთავრობისა და პარლამენტის სრული შემადგენლობით მუშაობას მოითხოვს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ეს კრიზისი გადაჭრან. საზოგადოებისგან გვესმის, რომ ისინი კრიზისის გადაჭრას რაც შეიძლება სწრაფად და მალე ელოდებიან, რათა პარლამენტის არჩეულმა წევრებმა მუშაობა დაიწყონ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ეს გამოწვევებია კოვიდი, ეკონომიკა, ცვალებადი რეგიონული დინამიკა. ეს გამოწვევები, საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მთელი მთავრობისა და მთელი პარლამენტის მუშაობას მოითხოვს“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. ევროპელი მედიატორების ჩართულობით მოლაპარაკებები განახლდება თუ არა, ჯერჯერორბით უცნობია.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend