მთავარისაქართველომომავლის პროფესია

მომავლის პროფესია

საქართველოს ადამიანური რესურსების გილდიის ხელმძღვანელის ლილი ბიბილაშვილის თქმით, დღეს ახალგაზრდები  ყველაზე ხშირად შემდეგ პროფესიებს ირჩევენ: სამართალი, ბიზნესი, სამედიცინო სფერო. მაგრამ მისივე თქმით, ბოლო წლებში ასევე, მეტად პოპულარული ხდება ის პროფესიები, რომლებიც კომპიუტერულ პროგრამირებასა და IT-ტექნოლოგიებს უკავშირდება.

გიორგი ქეთელაური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კურსელია. ის ამბობს, რომ პროგრამისტობა დიდი ხნის წინ გადაწყვიტა.

„თავიდანვე ძალიან მაინტერესებდა ეს პროფესია. დაახლოებით მეათე კლასში გამიჩნდა ინტერესი და უკვე სერიოზულად დავფიქრდი ჩაბარებაზე.  შემდეგ მშობლებმაც შემიწყვეს ხელი. მათემატიკა ცოტა მიჭირდა, მაგრამ მაინც გამომივიდა. ბევრი ნაცნობი მყავდა,  ვინც ამ პროფესიაზე მუშაობდა და გავიგე, რომ საკმაოდ მარტივი იყო დასაქმება. მომავალი, კომპიუტერების ერა იქნება და ყველგან საჭირო იქნება პროგრამისტი, თუ მონაცემთა ბაზის დამპროგრამებელი. ანაზღაურებაც საკმაოდ მაღალია და ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო რის გამოც ეს პროფესია ავირჩიე“, – ჰყვება გიორგი ქეთელაური.

 

საქართველოს ადამიანური რესურსების  გილდიის დირექტორი ლილი ბიბლაშვილი აღნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოში რამდენიმე ათეული წელია უკვე ტექნოლოგიების განვითარების საოცრად მაღალი ტემპია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა ამან პანდემიის პირობებში, როდესაც მსოფლიოს ფაქტობრივად ყველაფრის კეთება დისტნაციურად უწევს.

დამსაქმებლებმა დაინახეს, რომ მომგებიანიც კი არის დისტანციურად მუშაობა. ამ დამოკიდებულებამ, გაზარდა პროგრამისტებზე მოთხოვნა. კიბერუსაფრთხოებაზე მოთხოვნაა გაზრდილი საქართველოშიც. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბაზარი არ არის, თუ ჩვენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს გადავხედავთ ვნახავთ, რომ არის პრობლემები და ძალიან რთულია მაღალკვალიფიციური ადამიანის პოვნა. ეს სპეციალობაა, რომელიც არ მოითხოვს ადგილზე ყოფნას და შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან იმუშაო, ჩვენი პროგრამისტები ძირითადად დასაქმებულები არიან მაღალანაზღაურებად კომპანიებში და თავებზე ნადირობაა გაჩაღებული“,- აღნიშნავს ლილი ბიბლაშვილი.

პროგრამისტებზე მოთხოვნა იზრდება, მაგრამ ბაზარი კიდევ უფრო მეტს ითხოვს და ჯერ კიდევ დიდია მოთხოვნა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის ლუკ ლერუსის თქმით, საქართველოს განათლების სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა შრომის ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების შეუსაბამობაა.

„როდესაც ჩნდება მოთხოვნასა და მიწოდებას შორის პრობლემა, ამის მიზეზი ძირითადად არის მონაცემების ნაკლებობა.  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა EMIS-ი, რომელიც საქართველოშიც მოქმედებს, არ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა. ამიტომ ინფორმაციის ნაკლებობის გამო ვერ ვეუბნებით ახალგაზრდებს – „არ ჩააბაროთ ამ საგანზე, რადგან შეიძლება სამსახური ვერ იშოვოთ“, – ამბობს ეკონომისტი.

ვებგვერდ HR.ge ამჟამად სამი ათასზე მეტი ვაკანსია დევს, რომელთაგან 243 ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ეხება. მომავლის პროფესიის წარმომადგენლებს დამსაქმებლები ეძებენ.

მაგრამ პანდემიამ შესაძლოა შეცვალა კიდეც მომავალი პროფესიის მიმართ დამოკიდებულება. შესაძლოა, ვინმემ იფიქრა, რომ სიცოცხლის გადარჩენა ვისაც შეუძლია, ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიის წარმომადგენელი.

“ეს ალბათ გამოჩნდება უფრო მეტად წელს. მაგალითად, გაიზარდა თუ არა ჯანდაცვაზე მოთხოვნა. შარშან არ იყო. წელს აბიტურიენტებს 4 თვე აქვთ საშუალება ცვალონ პრიურიტეტულობა და როდესაც საბოლოოდ გააკეთებენ თავიანთ ჩამონათვალს, მაშინ შეიძლება უკვე წარმოვადგინოთ გარკვეული სტატისტიკა“, – განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგორძემ.

წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდები წინ არის. გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჯერ ვერ ამბობენ, არის თუ არა პროფესიებზე განსხვავებული მოთხოვნები  2021 წელს.

 

ავტორი: ანეტ მიქელაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend