მთავარისაქართველოგზა თავისუფლებისკენ

გზა თავისუფლებისკენ

32 წლის წინ საქართველოში საბჭოთა არმიამ მშვიდობიანი აქცია დაარბია. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას მთავრობის სახლთან შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც საბჭოთა რეჟიმს აპროტესტებდნენ და თავისუფლებას ითხოვდნენ, სასტიკად გაუსწორდნენ. რუსთაველის გამზირზე საბჭოთა არმიის სადამსჯელო ნაწილებმა საპროტესტო აქციის მონაწილეები მძიმე ტექნიკის, ცივი იარაღისა და დაუდგენელი შემადგენლობის ნივთიერების მეშვეობით დაარბიეს. იმ ღამეს 21 მოქალაქე გარდაიცვალა, 2000-მდე კი დაშავდა. ამ ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ეროვნული მოძრაობის ლიდერმა ზვიად გამსახურდიამ საზეიმოდ მიმართა ქართველ ხალხსა და მსოფლიოს, რომ საქართველო კვლავ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

“9 აპრილის მთავარი მონაპოვარი არის თავისუფლება”.

“იმ ადამიანებმა ჩვენ თავისუფლება გვაჩუქეს. ჩვენ რომ აქ ვდგავართ, მათი დამსახურებაა. არა მხოლოდ დაღუპული ადამიანების, ყველა იმ ადამიანის, ვინც მაშინ აქ იდგა”.

“ბავშვებთან ერთად ვიყავი, პატარა ბავშვებთან, როცა ნიჩბებით ამოხოცეს ხალხი. აქ იმდენი სისხლი იყო, სახანძრო მანქანები ჰყავდათ მოყვანილი და იმით რეცხავდნენ” – ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან პატივის მისაგებად მივიდნენ.

საბჭოთა არმიის სადამსჯელო რაზმები უკვე რუსთაველის გამზირზეა. აქციის მონაწილეებმა იციან, რომ “საშიშროება რეალურია”. უფრო მეტიც, იციან, რომ ამ “საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი”.

“ველოდით, რა თქმა უნდა, საფრთხეს. თუმცა ისიც ვიცოდით, რომ აქციის ეს მიმართულება ერთადერთი სწორი გზა იყო. და ჩვენ მართალი აღმოვჩნდით. რა თქმა უნდა, 9 აპრილი უდიდესი ტრაგედიაა, იქ ჩვენი უდანაშაულო ხალხის სისხლი დაიღვარა. მეც გადავიტანე ეს საკუთარ თავზე. გვამებში მიპოვეს, მკვდრებში ვეწერე. მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ტრაგედია. ეს იყო დიდი მორალური და პოლიტიკური გამარჯვება ჩვენი ხალხის, რასაც მოჰყვა მთელი რიგი შემდგომი პროცესები” – ამბობს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი.

“კრემლი, საბჭოთა ხელისუფლება აშკარად მიხვდა, რომ ეს უკვე შეუქცევადი პროცესი იყო. სწორედ მაშინ მიიღეს ეს შემზარავი გადაწყვეტილება, რომ აქცია უბრალოდ კი არ დაეშალათ, არამედ სადამსჯელო, სისხლიანი ოპერაცია ჩაეტარებინათ, რათა ჭკუა ესწავლებინათ ჩვენი ხალხისთვის, მაგრამ ეს არ გამოვიდა” – იხსენებს ირაკლი ბათიაშვილი.

იმ ღამეს 21 გარდაცვლილს შორის 3 არასრულწოვანი იყო. 16 წლის თამრიკო ჭოველიძის მამას შვილის სიკვდილი უცხოეთში, დეპეშით აცნობეს.

“თამრიკო დაიღუპა, ჩამოდიო – ასე ეწერა პირდაპირ. იქვე მოვიკეცე და მერე დიდი ხანი აღარ მახსოვს რა ხდებოდა”- იხსენებს გარდაცვლილი თამრიკო ჭოველიძის მამა არკად ჭოველიძე.

“სახლიდან ყველაფერი აქციაზე მიჰქონდა. ადიელები, პირსახოცები… თუკი რამე ტანსაცმელი იყო სახლში, ყველაფერი წაიღო. მოშიმშილეებთან მიჰქონდა. ამბობდა, მე ისიც მრცხვენია მათთან ერთად რო მარ ვარო. მე არც მითქვამს არასდროს, რატომ მიგაქვს-მეთქი” – იხსენებს არკად  ჭოველიძე.

აქციის დარბევისას მძიმედ დაშავებულებს ექიმები ეხმარებოდნენ. ზოგს ადგილზე, ზოგი სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაჰყავდათ.

“ერთ-ერთმა დამსჯელმა სამხედრომ ავტომატის კონდახით ჩაამტვრია სასწრაფო მანქანის მინა. რას ერჩოდა ამ მანქანას? რატომ იყო საჭირო უკვე დაშავებული ადამიანების მიმართ ასეთი აგრესია? – აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის, თუ არ ჩავთვლით, რომ ის უკვე იყო შეურაცხადი და ყველაფერზე წამსვლელი იყო” – ამბობს ექიმი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით მეტრეველი, რომელიც 9 აპრილის ღამეს, პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

“ძალიან ბევრი იყო დაზარალებული, ვინც ცოცხალი დარჩა, მაგრამ ჰქონდათ ფიზიკური პრობლემები, უმრავლესობა მაინც იყო მოწამვლის შედეგი. ასეთი ხალხი იმდენად ბევრი იყო, საავადმყოფოები ვეღარ იტევდა. დიდი რაოდენობით იყო მომართვა, მეორე-მესამე დღეს. მოწამვლის შედეგების გამო ვუტარებდით სტაციონარულ მკურნალობას, გადასხმებით, დეზინტოქსიკაციით და ა.შ.” – იხსენებს დავით მეტრეველი.

1991 წლის 31 მარტს დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა. ქართველი ხალხის 99-მა პროცენტმა თავისუფლება აირჩია.

“სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილს წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი. აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, ფარავდეს ღმერთი” – ეს სიტყვები ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 9 აპრილს წარმოთქვა.

“ის თავისუფლება, რომელიც ჩვენ 32 წლის წინ მოვიპოვეთ, უნდა შევინარჩუნოთ”.

“მტერი  იგივეა, ეს არის რუსეთი. რუსეთი ისევ ცდილობს, რომ ჩვენს სუვერენიტეტს შეუქმნას საფრთხე, და ჩვენ ძალიან მედგრად და ერთიანად უნდა ვიდგეთ”.

“თავისუფლებისთვის ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ, სხვა გზა არ არის, მაშინ აღარ გვექნება სამშობლო” – ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან პატივის მისაგებად მივიდნენ.

ნანუკა მეშველაშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend