მთავარისაქართველოსამხატვრო აკადემიის განახლებული შენობა

სამხატვრო აკადემიის განახლებული შენობა

თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობა  1850-იან წლებში  მდიდარმა თბილისელმა ვაჭარმა ვარდან არშაკუნმა ააგო. სამხატვრო აკადემია აქ 1922 წელს დაარსდა.

„შენობა 150 წლის წინანდელია, მისი პირველი მფლობელი გახლდათ არშაკუნი. ეს იყო ძალიან საინტერესო პიროვნება, ირანული წარმოშობის სომეხი, რომელიც ერთი პერიოდი ქალაქის თავი და თბილისის საპატიო მოქალაქე იყო. სწორედ მან შექმნა ასეთი კულტურული სივრცე“, – ამბობს სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი.

სასახლე ეკლექტური არქიტექტურული ელემენტებით არის აგებული. აქ ერთმანეთს ერწყმის ისლამური, კლასიცისტური და ბაროკოს სტილი.

სასახლეში გვხვდება უნიკალური „სარკეებიანი“ დარბაზები, რომლებიც ირანელი ოსტატების მიერ არის შესრულებული.

 

„საქმე ის გახლავთ, რომ კონცეფციაა ძალიან საინტერესო. გარედან არის ევროპული ფასადი, ხოლო როცა შემოვდივართ, ყაჯარული სკოლის ნამდვილ ვარსკვლავს ვხედავთ. ეს საოცრება ირანიდან ჩამოყვანილმა ყაჯარებმა შექმნეს. თქვენ თუ შეხედავთ, ჭერში არის მოხატულობა, სადაც უკვე ევროპული სკოლაც შემოდის. ეს ტიპური, იმ დროის სამაჭანკლო სცენებია, რომელიც ძალიან საინტერესო შესასწავლია“, – ამბობს სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი.

ნაგებობა დიდი ხნი უყურადღებოდ იყო მიტოვებული. სამწლიანი რეაბილიტაციის შედეგად კი მან ძველი სახე დაიბრუნა. რეაბილიტაციაში სამხატვრო აკადემიის პედაგოგებიც და სტუდენტებიც იყვნენ ჩართულნი.

“სამუშაო პროცესი საკმაოდ რთული იყო. მასალა იყო ძალიან მრავალფეროვანი, თითოეულ მასალას სხვადასხვანაირად დამუშავება სჭირდებოდა. იყო ბევრი პრობლემა, ბზარები… ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო სარკეებიან დარბაზებში. სარკეების უკან ბზარების გამაგრება საკმაოდ რთული აღმოჩნდა“, – ამბობს რესტავრატორი ილიკო ხაჩიძე.

მეოცე საუკუნის განმავლობაში აქ არაერთი ქართველი ხელოვანი მოღვაწეობდა. ისტორიული შენობის წარსულზე აკადემიის რექტორიც გვესაუბრება.

„ბევრი საინტერესო დეტალებია აქ. აქ იყო პერენის სტუდია თავის დროზე, ალბათ გახსოვთ ვერის უბნის მელოდიების ცნობილი ფრაგმენტი საბალეტო სტუდიის, რომელიც აქ იყო განთავსებული. აქ სამხატვრო სკოლა იყო და პირველი სტუდიები… აქ ცხოვრობდა გიგო გაბაშვილი გენიალური ქართველი მხატვარი… ეს შენობა სავსეა ქართული კულტურით“, ამბობს სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი.

ამჟამად, ისტორიულ შენობაში ხელობას ახალი თაობები ეუფლებიან. სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ცოდნას ახლა უკვე კომფორტულ გარემოში იღებენ.

აკადემიის რექტორის განცხადებით, შენობის კარი  ღიაა ყველასთვის, ვისაც კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა სურს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend