მთავარიევროპაბოსნია და ჰერცეგოვინაბოსნიაში ლტოლვილთა რამდენიმე ბანაკი კარანტინის რეჟიმში გადავიდა

ბოსნიაში ლტოლვილთა რამდენიმე ბანაკი კარანტინის რეჟიმში გადავიდა

ბოსნიაში იზრდება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მიგრანტებსა და დევნილთა შორის, რომლებიც ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობენ. ბალკანეთის ქვეყნებს შორის ბოსნიაში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. ამ დროისთვის ეპიდაფეთქება განსაკუთრებით ბოსნიის ბანაკებშია, რის გამოც  რამდენიმე ბანაკი კარანტინის გამო ჩაიკეტა.

საკარანტინო შეზღუდვებმა მიგრანტებს შორის გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია. 50 მიგრანტი, კარანტინის თავიდან აცილების მიზნით, ბანაკებიდან გაიქცა. ხოლო მიმდინარე კვირის განმავლობაში კიდევ ათეულობით მიგრანტი გაიპარა ჩრდილო-დასავლეთ ბოსნიაში მდებარე ბანაკიდან.

რეგიონული ჯანდაცვის წარმომადგენელი ნერმინა ჩემალოვიჩი აღნიშნავს, რომ შეშფოთებული არიან შექმნილი ვითარების გამო, რადგან ბევრი მიგრანტი, რომლებიც კორონავირუსით არიან ინფიცირებული, დევნილთა ბანაკებიდან შორს არის, ამიტომ შეუძლებელია, მათ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება გაეწიოთ. შედეგად საფრთხის წინაშე დგება ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი.

 

6000-ზე მეტი მიგრანტი, რომლებიც ჩარჩნენ ომით გატანჯულ ქვეყანაში, მეზობელ ხორვატიაში ცდილობს გადასვლას. მათი უმეტესობა ოფიციალურ თავშესაფრებში ცხოვრობს, თუმცა ბევრი მიტოვებულ სახლებსა და კარვებში ათენებს ღამეს.

ქალაქ ტიმიშოარაში სკოლა-ინტერნატში მიგრანტებისთვის გახსნილი საცხოვრებელი ცენტრი მას შემდეგ დაიკეტა, რაც კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ერთ-ერთი ინფიცირებული საავადმყოფოშიც გადაიყვანეს.

ათობით მიგრანტი დაბინავებას კვლავ ელოდება. სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი ლტოლვილებს ყოველდღიურად აკავებენ. პირველ რიგში, მიგრანტების იზოლაციაა აუცილებელი, თუმცა სამართალდამცავებს მათთვის საკმარისი საკარანტინო ადგილები აღარ აქვთ.

გასული ოთხი თვის განმავლობაში 2300 მიგრანტი განთავსდა სკოლა-ინტერნატებში გახსნილ საკარანტინო ცენტრებში. ამ ცენტრებში მიგრანტებს ტესტირებას უტარებენ. იზოლაციის პერიოდის გავლის შემდეგ კი ისინი იმიგრაციის გენერალური ინსპექციის დეპარტამენტში გადაჰყავთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend