უნგრეთის ქალაქ სეგედში ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ფუტკრების, ბზიკებისა და მერცხლებისთვის კომფორტული გარემო შექმნეს.
„მონდოლოს ასოციაციის“ წევრებმა ფრინველებისა და მწერებისთვის ბუდეები გააკეთეს, ხოლო ძველი თბოელექტროსადგური მერცხლების გამოსახულებებით მოხატეს, რათა საზოგადოებაში გადაშენების პირას მყოფი სახეობების მიმართ ცნობიერება აემაღლებინათ.
ახალგაზრდებმა ტერიტორიაზე ტალახიც მოიტანეს, რათა ფრინველებს ახალი ბუდეების ასაშენებელი მასალა ჰქონოდათ.
„ზოგი ბუდე ჩვენ თვითონ გავაკეთეთ, ხოლო ზოგი უნგრეთის ორნითოლოგიის საზოგადოებას გამოვართვით. იქით კუთხეში შეგიძლიათ ნახოთ ბავშვების მიერ გაკეთებული თავშესაფრები. მნიშვნელოვანია, რომ პატარებმა ბავშვობიდან ისწავლონ გარემოზე ზრუნვა“, – ამბობს „მონდოლოს ასოციაციის” წევრი ტამას ესიასი.
გარემოს დაცვის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება გამვლელებს ბილბორდების საშუალებით შეუძლიათ.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში უნგრეთში მერცხლების რაოდენობა განახევრდა. ამის მიზეზი საკვების ნაკლებობა და მათი საცხოვრებელი ადგილის განადგურება გახდა.
მერცხლების რაოდენობის შემცირება ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა მავნებელი და დაავადებების გადამცემი მწერი მომრავლდება და სოფლის მეურნეობას დააზიანებს.
საფრთხის ქვეშ არიან ფუტკრებიც, რომლებიც სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. მათ გადასარჩენად აქტივისტებმა ქალაქში მდელოები გააშენეს.
„მდელოზე ველური მცენარეების ბევრი სხვადასხვა სახეობაა, რაც ფუტკრებისთვის, პეპლებისა და ბზიკებისთვის ძალიან კარგია. მათ საკვების წყარო გაუჩნდათ. ქალაქის ცენტრში ყვავილებისა და ცხოველების ნახვა ძალიან სასიამოვნოა“, – ამბობს „მონდოლოს ასოციაციის” წევრი ტიბორ დობაი.
ახალგაზრდების ჯგუფი ადგილობრივებისთვის ყვავილების თესლების დარიგებას გეგმავს, რათა აივნები, საბავშვო ბაღები და ავტობუსის გაჩერებების მიმდებარე ტერიტორია გამწვანდეს. ივნისისთვის მცენარეების გაფურჩქნის დროც მოვა და ეს ბეტონის ჯუნგლიც გამწვანდება.