მთავარი საქართველო როცა ქალაქში ხერგილებია

როცა ქალაქში ხერგილებია

საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათიდან იწყება. თუმცა შესაძლოა ამ დროისთვის ქუჩებში კვლავ შემორჩნენ მძღოლები, რომლებსაც საშვი არ აქვთ და სახლში მისვლა საავტომობილო ხერგილების გამო ვერ მოასწრეს.

ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემურია დედაქალაქი. ყველაზე ხშირად ხერგილების მიზეზად ავტომობილების სიმრავლეს ასახელებენ, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში ავტომობილების შეფერხებით გადაადგილების მიზეზი ავტომობილების დიდი რაოდენობა არ არის.

მძღოლებს ახლა ძალიან გაუმართლათ, ქუჩაში შეუფერხებლად მიდიან. ამ დროს არც ავტომობილების საყვირების ხმა ისმის და არც დაგვიანებული მგზავრების უკმაყოფილო შეძახილები. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. თბილისის ქუჩებში უძრავად მდგომი ავტომანქანები და უკმაყოფილო მძღოლებიც ხშირად არიან. „ევრონიუს ჯორჯიას“ სახელდახელო გამოკითხვისას ქუჩებში, მოქალაქეები საავტომობილო ხერგილებს სხვადასხვა მიზეზით ხსნიან.

“ჩემი აზრით, არასწორი დაგეგმარების ბრალია. სამწუხაროდ, მთელი დღის განმავლობაში, ძალიან დიდ დროს ვატარებ “საცობში”.

“რატომ არის საცობი – ამ კითხვაზე პასუხია ის, რომ ძალიან ბევრი მანქანაა. მე დისკომფორტი მექმნება, როდესაც ე.წ. პიკის საათის დროს გადავაადგილდები”.

“ბევრი გამოუცდელი მძღოლია, რომლებიც ერთმანეთს გზას არ უთმობენ. სწორედ ამიტომ იჭედება მოძრაობა”.

“საქართველოში ძალიან ბევრი მანქანაა და გზები შესაბამისად არ არის მოწესრიგებული”.

საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით არც ისე ბევრი ავტომობილია. მაგალითად, საინვესტიციო ბანკ “გალტ ენდ თაგარტის” კვლევის მიხედვით, რომელიც 2019 წლის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველო ავტომანქანების ოდენობით მნიშვნელოვნად ჩამორჩება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს.

“ყოველ 1000 მოსახლეზე რომ შევხედოთ, საქართველოში საქართველოში დაახლ. 234 ავტომობილია რეგისტრირებული. ეს მაჩვენებელი დაახლ. ორჯერ ჩამორჩება ევროკავშირში არსებულ მაჩვენებლებს. განბაჟების ნაწილშიც თუ შევადარებთ, ყოველ 1000 მოსახლეზე განბაჟებული ავტომობილების რაოდენობა დაახლ. ორჯერ ჩამორჩება ევროკავშირის მაჩვენებელს, შესაბამისად, ჩვენი აზრით, კიდევ არის საქართველოში ავტომობილების ზრდის პერსპექტივა” – აცხადებს საინვესტიციო ბანკ „გალტ ენდ თაგარტის“ ანალიტიკოს თათია მამრიკიშვილი.

იმისთვის, რომ ავტომობილების ზრდის პერსპექტივა ხერგილების კიდევ უფრო ზრდის პერსპექტივასაც არ ნიშნავდეს, სპეციალისტები გამოსავალს სწორ სატრანსპორტო პოლიტიკაში ხედავენ.

“ჩვენთან გაცილებით აქტიურად გამოვიყენებთ კერძო ავტომობილებს, ვიდრე მაგალითად ევროპელები. ან იმ ქვეყნების მოქალაქეები, სადაც მოწესრიგებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი. მთავარი გასაღები ეს არის, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი კარგად მუშაობს, უფრო სწრაფად მიდის დანიშნულების ადგილას, უფრო ხელმისაწვდომ ფასად და უფრო კომფორტულად, ბუნებრივია, მოქალაქე დატოვებს ავტომობილს სახლში და გადაჯდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში” – ამბობს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი.

2019 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ავტოპარკში მილიონი 380 ათასი ავტომობილია რეგისტრირებული, მათგან გზებზე დაახლოებით მილიონ 60 ათასი გადაადგილდება. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ მოქალაქეები მცირე მანძილის დასაფარადაც კი კუთვნილ ავტომანქანებს იყენებენ.

“600 ათასი ავტომობილი დადის თბილისში, და 100 ათასი ავტომობილი გადაადგილდება ერთ-ნახევარ კილომეტრს ან ნაკლებს ყოველდღიურად. ეს ნიშნავს იმას რომ 750 მეტრზე გადასაადგილებლად ადამიანი იყენებს ავტომობილს. ეს რა თქმა უნდა მობილობის 20 პროცენტს შეადგენს და პრობლემურია. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, პირველი პრიორიტეტი ენიჭება ფეხით მოსიარულეს. შემდეგი პრიორიტეტი ველოსიპედით და არამოტორიზებადი ტრანსპორტით მოსარგებლე პირს, შემდეგია საზოგადოებრივ ტრანსპორტი და ბოლოს არის კერძო ავტომობილი, თუმცა ამისთვის ინფრასტრუქტურის გადაწყობას სჭირდება გარკვეული პერიოდი” – ამბობს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი.

ინფრასტრუქტურის გადაწყობამდე დანიშნულების ადგილზე მისასვლელად ზოგჯერ რამდენიმესაათიანი გზა და ხერგილებია. ხერგილები, რომლებსაც ბოლო არ უჩანს.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები