მთავარისაქართველოკარანტინის ეფექტი

კარანტინის ეფექტი

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში გრძელვადიანი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს.

ოფიციალური უწყებების გადაწყვეტილებით, საღამოს 9 საათის შემდეგ ეგრეთ წოდებული კომენდანტის საათი, ვირუსის გავრცელების შეზღუდვისთვის არის დაწესებული.

ფსიქოლოგების განცხადებით, ამ და სხვა შეზღუდვების გამო, საზოგადოებაში მომატებულია დეპრესია და სხვა ფსიქიკური პრობლემები, რის გამოც პაციენტების მიმართვიანობა გაზრდილია.

საერთო ჯამში, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით დატვირთულ საზოგადოებას, კიდევ უფრო დაუმძიმდა ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

გაურკვევლობა, რომელიც მსოფლიო საზოგადოების პრობლემა გახდა, შიშებს, შფოთვებს და უპერსპექტივობას კიდევ უფრო ამძაფრებს.

ეს კი ადამიანის, როგორც მოქალაქის პროდუქტიულობას მკვეთრად აქვეითებს – ამბობს ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე. მისი თქმით, დროში გაწელილი შეზღუდვები, განსაკუთრებით საღამოს 9 საათის შემდეგ დაწესებული საყოველთაო შინაპატიმრობა, საზოგადოებაში მასობრივ ფსიქოლოგიურ აშლილობებს იწვევს.

„ადამიანი სოციალური არსებაა, რომელსაც ურთიერთობები და კომუნიკაცია სჭირდება. ჩაკეტილობა დეპრესიულ ფონს ამძაფრებს. ის, რომ ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება ხვალინდელი დღე – გავხდებით თუ არა ავად, შევინარჩუნებთ თუ არა სამსახურსა და ბიზნესს, მძიმედ აისახება განწყობებსა და მოლოდინებზე. 9 საათის შემდეგ ადამაინებს გარეთ გასვლის ყველანაიარი უფლება ეკრძალებათ, რაც შიშს აძლიერებს. ასეთი უარყოფითი ემოციების შემდეგ კი ვიღებთ არაპროდუქტიულ მდგომარეობას“,  – აცხადებს ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე.

საქართველოს სამეწარმეო ბაზრის უდიდეს ნაწილს მცირე და საშუალო ბიზნესი წარმოადგენს. ეკონომიკის რა ფორმულით  ხელმძღვანელობს ხელისუფლება, როდესაც ღამის ეკონომიკას გაურკვეველი ვადით აჩერებს, გაუგებარია ეკონომისტებისთვის.

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე, კარანტინის რეჟიმში გაჩერებული ბიზნესის გაქრობაზე საუბრობს და შიშობს, რომ ეს ახლო მომავალში კიდევ უფრო გამოუსწორებელი ეფექტის მომტანი შეიძლება გახდეს.

„ჩაკეტვას და ეგრეთ წოდებულ „ლოკდაუნს“ მაშინ აქვს აზრი, როდესაც ეს გადაწყვეტილება კონკრეტული მიზნის მიღწევისთვის, დროის მოგებისთვის მიიღება.

ჩვენ, 2020 წელს ეკონომიკა ფაქტობრივად შევწირეთ კორონავირუსს. თუმცა, წინდახედულობა არ გამოგვიჩენია.

დრო არაფერში მოგვიგია. მაგალითად, რესტორანი, რომელიც მხოლოდ სამუშაო დღებში, ისიც 8 საათამდე მუშაობს, ვერ იქნება მომგებიანი, პირიქით.

ბევრი ფაქტორის გატალისწინებით, ამ შეზღუდვებს აუცილებლად მოყვება გაკოტრებების სერია და როცა კრიზისზე ვსაუბრობთ, ეს მხოლოდ დასაწყისია“, – ამბობს ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე.

იმ დროს, როდესაც ვმუშაობთ, მუშაობს სავაჭრო და კვების ობიექტებიც.

ხოლო, როდესაც ვასრულებთ მუშაობას და თავს გართობისა თუ საყიდლებზე წასვლის საშუალებას ვაძლევთ, ბიზნესი ჩერდება.

ვერც მომხმარებელი და ვერც მომსახურების ობიექტი მოგებული ვერ რჩება. მთავრობა მიზეზად კვლავ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვას ასახელებს. ოპოზიცია იმეორებს, რომ ყველა შეზღუდვა პოლიტიკურ სარჩულს ატარებს. საზოგადოება კი იცდის.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend