ჩეხეთში თეატრალური წარმოდგენის შეკვეთა უკვე სახლიდან არის შესაძლებელი. პრაღის საკრებულოსა და „ბრაინც სტუდიის“ ორგანიზებით, ჩეხებს სპექტაკლების ნახვა ვირტუალურად შეუძლიათ. ჩეხეთში ამჟამად თეატრები პანდემიის გამო დახურულია. მსახიობების განცხადებით, ეს ინიციატივა დაეხმარება კრიზისში მყოფ კულტურის სფეროს.
მიტანის სერვისის საშუალებით, პიცისა და ბურგერის გარდა, ახლა უკვე თეატრალური წარმოდგენის გამოძახებაც არის შესაძლებელი. ჩეხები თავიანთ საყვარელ წარმოდგენებს ახლა დისტანციურად უყურებენ.
მოწყობილობას „ბრეილანდო“ ჰქვია, რაც ჩეხურად სათვალეებს ნიშნავს. სპეციალური სათვალეების გამოძახების ფასი თეატრის წინა რიგების ბილეთის ფასია. ამ სათვალეების საშუალებით ადამიანს თეატრის სცენაზე ასვლა და სპექტაკლში მონაწილეობის მიღებაც შეუძლია.
„ბრეილანდო“ პრაღის საკრებულოსა და „ბრაინც სტუდიის“ ინიციატივაა. სტუდიამ ათი თეატრალური დასი მოიწვია და მათი სპექტაკლები 360-გრადუსიანი კამერით ჩაწერა.
მსახიობების თქმით, ეს ინიციატივა შეიძლება დაეხმაროს კრიზისში მყოფ კულტურის სფეროს.