მთავარიგადაცემებიბიზნესპლანეტამწვანე ეკონომიკა და წყალბადი

მწვანე ეკონომიკა და წყალბადი

თუ ჩვენ გვსურს, რომ 2050 წლისთვის გარემოში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი ნულამდე შევამციროთ, ევროპამ ენერგოგენერაციის სრულიად ახალი გზა უნდა იპოვოს.

დიდი ხანია, წყალბადზე ენერგეტიკის დარგი დიდ იმედებს ამყარებს, თუმცა ხელშესახები შედეგი არ გამოჩენილა. როგორც ჩანს, მალე ეს მდგომარეობა შეიცვლება. გერმანიაში მუშაობს ტექნოლოგიური კომპანია Hydrogenious, რომელიც ევროპას, დიდი ალბათობით,  ნახშირორჟანგის შემცირების სრულიად ახალ შესაძლებლობას მისცემს.

ათწლეულების განმავლობაში ითვლებოდა, რომ წყალბადი მომავლის საწვავია. გერმანული კომპანია Hydrogenious-ი თვლის, რომ მოქმედების დრო მოვიდა.

ეს კომპანია ამბობს, რომ მისი ახალი  ტექნოლოგია,  წყალბადის ტრანსპორტირების ხარჯებს ამცირებს. ქარისა და მზის ელექტროსადგურებისთვის, რომლებიც წყალბადის დეფიციტს განიცდიან,  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი ტექნოლოგიის წყალობით,  ეკოლოგიური გზით მიღებული წყალბადი მიაწოდონ.

 
„ევრონიუსი“ ეკოლოგიური გზით წყალაბადის მიღებით დაინტერესდა და Hydrogenious-ს ეწვია, რომ მისი ტექნოლოგიის კონცეფციის დეტალები გაეგო.

დანიელ  ტაიხმანი, Hydrogenious-ის დამფუძნებელი:

„ჩვენი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რომ დიდი რაოდენობით თხევადი წყალბადი უსაფრთხოდ შეინახონ, ისე, რომ თხევადი საწვავის დასაწყობების თანამედროვე სტანდარტები არ დაირღვეს.  რაც შეეხება პოტენციალს, ძალიან გვინდა, რომ ეკოლოგიური წყალბადის  განვითარებას მთელი ევროპის მასშტაბით შევუწყოთ ხელი.  საბოლოო ჯამში, დიდი მიზანი გვაქს: გვსურს, რომ ევროპა, მისი ტრანსპორტი და მრეწველობა  ნახშირორჟანგის გამონაბოლქვისაგან სრულიად გავათავისუფლოთ. ამით კლიმატის გაჯანსაღებაში ჩვენს წვლილს შევიტანთ.“

ისმება კითხვა, თუ წყალბადის პოტენციალს სრულად გამოვიყენებთ, რამდენად გაიზრდება  ევროპის როლი ზოგადად ჯანსაღი ეკოსისტემის შექმნაში?

დანიელ ტაიხმანი, Hydrogenious-ის დამფუძნებელი:

„ჩემი აზრით, ევროპა ძალიან დიდ როლს თამაშობს. წყალბადს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. ჩემი აზრით, მის გარეშე ეროვნულ დონეზე არაფერი არ იწარმოება, ამიტომ წყალბადის ათვისებისთვის საჭირო დაფინანსების მექანიზმები, რომლებიც ევროკავშირმა გამოყო, ძალიან დროულია იმისათვის, რომ ეკომეგობრული წყალბადი რეალობაში დავნერგოთ.“

ის წყალაბდი, რომელსაც მრეწველობაში ახლა იყენებენ, წიაღისეული საწვავიდან მიიღება, მაგრამ ის შეიძლება განახლებადი ენერგიის საშუალებითაც მივიღოთ. ამ პროცესს ელექტროლიზი ეწოდება.

ევროკავშირმა პრიორიტეტად დასახა, რომ 2024 წლისთვის 13-ჯერ,  2030 წლისთვის კი 130-ჯერ გაზარდოს ეკოლოგიური გზით მიღებული წყალბადის რაოდენობა.

ამისთვის ბრიუსელმა „ევროპის სუფთა წყალბადის  ალიანსი“ დააარსა.  ეს ორგანიზაცია მიზნად ისახავს, რომ ინდუსტრია და მთავრობა ერთმანეთთან დააკავშიროს, ამიტომ მისი კარი ღიაა როგორც საჯარო, ისე კერძო კომპანიებისთვის. კომპანია Hydrogenious-ი და  ორგანიზაცია SolarPower Europe ამ ალიანსის წევრები არიან.

და მაინც რას შეცვლის ეს ალიანსი?

ვალბურგა ჰემეცბერგერი, SolarPower Europe-ს ხელმძღვანელი:

„სუფთა წყალბადის წარმოების განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სექტორებში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის გამოყოფა შეწყდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „ევროპის სუფთა წყალბადის  ალიანსი“.  ეს ორგანიზაცია ცდილობს, დააჩქაროს ეკოლოგიური წყალბადის წარმოება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ევროპაში წყალბადი წიაღისეული საწვავისგან მიიღება.“

ფაქტია, რომ  ევროპაში სუფთა წყალბადის გამოყენება უნდა გაიზარდოს. ჩნდება კითხვა, როგორ დაეხმარება ეს ალიანსი ბიზნესსა და ინდუსტრიას, რომ ეკოლოგიურ წყალბადზე გადავიდეს?

ვალბურგა ჰემეცბერგერი, SolarPower Europe-ს ხელმძღვანელი:

„ალიანსის მთავარი მიზანი ის არის, რომ ერთად შეკრიბოს  მისი წევრი სახელმწიფოების  ოფიციალური პირები და წამყვანი ევროპული ბიზნესები, ბაზრის როგორც ძველი, ისე დამწყები  მოთამაშეები, რომლებიც სრულ საწარმოო ჯაჭვს ქმნიან. ეს წყალბადზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ ევროპაში მყარი ინდუსტრიული ეკოსისტემა ჩამოვაყალიბოთ, რომელიც სუფთა წყალბადის ათვისების კუთხით მსოფლიო ლიდერი იქნება.“

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend