მთავარი გადაცემები გლობალური საუბარი ევროპის ღარიბ ქვეყნებს ვაქცინაზე შეზღუდული წვდომა აქვთ

ევროპის ღარიბ ქვეყნებს ვაქცინაზე შეზღუდული წვდომა აქვთ

მოლდოვის ყველაზე დიდ საავადმყოფოში მედპერსონალი გადაღლილია. ერთ-ერთი მათგანია ექიმი ალა რუსნაკი რომელიც პანდემიის წინა ხაზზე კიშინიოვის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იბრძოდა. კოვიდ-19 თავადაც გადაიტანა – ფილტვების მწვავე ანთება განუვითარდა და ერთი თვე ვერ იმუშავა.

ალა მოლდოვაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით 2 მარტს, ვაქცინაციის დაწყების პირველივე დღეს აიცრა.

„მე ვიცი, რომ ვაქცინა ერთადერთი გამოსავალია, რომელსაც კოვიდ-19-თან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა შეუძლია, მათ შორის სიკვდილიანობისა და დაავადების გართულების შემთხვევების შემცირება. ასეთი პაციენეტები რომ გადარჩნენ,  ვაქცინა ერთადერთი გამოსავალია“, – ამბობს ალა რუსნაკი.


ექიმი რუსნაკი იმ მცირერიცხოვან ადამიანებს განეკუთვნება, რომლებიც მოლდოვაში აცრეს. მოლდოვა ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა ევროპაში. მოლდოვამ ვაქცინის 36 ათასი დოზის მიღება შეძლო, რაც ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტის აცრას ეყოფა. მოლდოვის მოსახლეობა 2 მილიონ 600 ათასია. არსებული ვაქცინების მარაგი ქვეყნის სამედიცინო პერსონალის აცრასაც კი არ ეყოფა, მათი რიცხვი 60 ათასია.

მოლდოვის ჯანდაცვის სააგენტოს ვაქცინაციის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი ალექსეი ჩებანი ამბობს, რომ აცრის სამეტაპიანი სტრატეგია მზადაა, მაგრამ ვაქცინები არ არის. მისი განმარტებით, დასახულ მიზანს რომ მიაღწიო, მოსახლეობის 70 პროცენტი უნდა აიცრას,  ამიტომ ვაქცინის მწარმოებლებთან მეტი მოლაპარაკებაა საჭირო. „მაგრამ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მცირერიცხოვანი მოსახლეობით, ამიტომ მწარმოებლებისთვის სხვა ქვეყნებივით საინტერესო არ ვართ. ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ დამატებითი დოზები მივიღოთ,“ – ამბობს ალექსეი ჩებანი.

შედეგები მძიმეა, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებისთვის.

„ევრონიუსი“ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია „DIACONIA“-ს გაჰყვა, რომელიც კიშინიოვის ღარიბი უბნის ხანშიშეულ მოსახლეობას სურსათს ურიგებს. გადაღების კვირაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი, წინა კვირასთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა. მიუხედავად ამისა, ვაქცინა მაინც არ ჩანს.

მღვდელი ანდრიან აგაპი  DIACONIA-სთან თანამშრომლობს. იგი ამბობს, რომ ხალხი მღვდლებს ენდობა, მათ საკუთარ  ეჭვებსა და წუხილს უზიარებენ.  მაგრამ, რადგან აქ ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა, ამაზე არც საუბრობენ.

„ვიცი, რომ არიან როგორც ვაქცინის მომხრე, ისე მოწინააღმდეგე ადამიანები, ამის შესახებ უამრავი ინფორმაცია დევს მასმედიასა და სოციალურ პლატფორმებზე. მაგრამ აქაურების ყოველდღიური საუბრებისგან ვაქცინა ძალიან შორს არის“, – განმარტავს ანდრიან აგაპი.

მოლდოვას ახლად არჩეული პროევროპელი პრეზიდენტი მაია სანდუ ჰყავს. მან უკვე შეძლო, რუმინეთისგან ვაქცინის 200 ათასი დოზა მიეღო, გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანადაფინანსებით მოქმედი „კოვაქსის“ პლატფორმის მეშვეობით, ვაქცინაზე მოლდოვის მოთხოვნის 20 პროცენტიც დაიბევა. მოლდოვა აგრძელებს მოლაპარაკებებს, რომ ჯანმოს საშუალებით ვაქცინა შეღავათიან ფასად პირდაპირ მწარმოებლებისაგან მიიღოს.

როგორც პრეზიდნეტმა სანდუმ აგვიხსნა, ფინანსური საკითხების გარდა, ვაქცინების შემოტანა ბიუროკრატიამ, საზოგადოების უნდობლობამ, კორუფციამ და პოლიტიკურმა დესტაბილიზაციამ შეაფერხა.

მაია სანდუ, მოლდოვის პრეზიდენტი:

„ჩვენ ვხედავთ, რომ ის ძლიერი სახლემწიფოებიც კი, რომლებიც ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში არიან, ძლიერი ინსტიტუტები აქვთ, პრობლემების წინაშე დგანან. წარმოიდგინეთ, რამდენად რთულ მდგომარეობაშია მოლოდვა, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სახელმწიფო შეგნებულად დაასუსტეს კორუფციით.  ამიტომ კორუფიის წინააღმდეგ ბრძოლა და სასამართლოს რეფორმა ჩემი და ჩემი ხალხის დღის წესრიგში მთავარი საკითხია. რასაკვირველია, სუსტ ინსტიტუტებს უჭირთ საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და ხალხის მოლოდინის გამართლება.  ამიტომ ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ არის ასე აუცილებელი რეფორმების გატარება. რატომ უნდა გავაუმჯობესოთ მართვა და თავიდან მოვიშოროთ კორუმპირებული ხალხი, რომელიც დღევანდელი ვითარებიდანაც ცდილობს ფულის გაკეთებას.“

თუ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არ მოინახა, მოლდოვას კიდევ მეტი იზოლაციის საფრთხე ემუქრება.

მოლდოვის მოსახლეობის მესამედი უცხოეთში მუშაობს, ისინი ხშირად დროებითი კონტრაქტებით არიან დაქირავებული გერმანიასა და რუმინეთში. თუ ვაქცინაციის კამპანია ჩავარდა,  ეს ხალხი სამუშაოს ვეღარ იშოვის.

ალა ტოკარჩიუკი ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტია. იგი თავადაც მუშაობდა საზღვარგარეთ, უკრაინაში, რუსეთში, შვეიცარიასა და ირლანდიაში. მისი აზრით „უკვე აშკარაა,  რომ მოლდოვიდან წასვლა და უკან დაბრუნება ვაქცინაციაზე იქნება დამოკიდებული. უკვე უამრავი კითხვა არსებობს ვაქცინის მწვანე პასპორტთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედებს ეს პასპორტი მოგზაურობაზე. გლობალური ვაქცინაციის კამპანიის წარმატება მოლდოვის ვაცქინაციის წარმატებასაც განსაზღვრავს. თავის მხრივ, ჩვენი ვაქცინაციის პროგრესი  გლობალური ვაცქინაციის კამპანიის პროგრესსაც განსაზღვრავს.“

მოლდოვის დედაქალაქის ავტოსადგური ნათელი მაგალითია, რა დევს სასწორზე. აქაური მთავარი სამოგზაურო სააგენტო ყოველდღე 10 ავტობუსს უშვებდა ბუქარესტის მიმართულებით. მგზავრები ძირითადად სამუშაოდ მიმავალი ადგილობრივი ემიგრანტები იყვენენ. ახლა მხოლოდ ორი ავტობუსი დადის. სააგენტოს მენეჯერი ამბობს, რომ დღეში 10 ბილეთის გაყიდვაც დიდი გამართლებაა.

ეუგენიუ გალუპა, ტრანსპორტისა და დამხმარე სერვისების ეროვნული სააგენტოს დირექტორი:

„თუ ვაქცინაცია ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ისევ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, ჩვენს კლიენტებს საზღვრები გავუხსნათ და ბიზნესი გავაგრძელოთ, მაშინ ჩვენ მზად ვართ, ჩვენი პერსონალი ავცრათ. ჯერ კიდევ ბევრი უყურებს ეჭვის თვალით ვაქცინას, რადგან უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება. ჩვენ მეტი ინფორმაცია უნდა გვქონდეს, თუ რა რისკები და სარგებელი ახლავს ვაქცინას.“

მოლდოვაში ბევრი  იმედოვნებს, რომ მალე ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს გადადგამს.

პოპულარული ჯაზბენდის „ტრიგონის“ ხელმძღვანელმა ანატოლი სტეფანეტმა კოვიდის გამო ცოლი, დედა და რამდენიმე მეგობარი დაკარგა. იგი ამბობს, რომ ვაქცინამ მის საყვარელ ადამიანებს ვერ მოუსწრო, თუმცა მას სამომავლოდ ბევრის გაკეთება შეუძლია.

ანატოლი შტეფანეცი, მუსიკოსი:

„ადამიანს სჭირდება, რომ რაღაცის იმედი ჰქონდეს. ჩემმა პირადმა ტრაგედიამ დამარწმუნა ამაში. მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული შეცდომები და დეზინფორმაცია, მაინც მჯერა, რომ ვაქცინა დაგვეხმარება, ცოცხლები დავრჩეთ.“

ავტორი:  ხულიან ლოპეს გომესი

უახლესი

სხვა ამბები

ვაქცინაზევაქცინაზე