მთავარი მსოფლიო ევროპა ევროპაში ვაქცინაციის პარალელურად შეზღუდვები მკაცრდება

ევროპაში ვაქცინაციის პარალელურად შეზღუდვები მკაცრდება

პორტუგალიაში გასულ უქმეებზე ესპანეთიდან სახმელეთო თუ საზღვაო გზით შემოსული პირებისთვის  საკარტინო პერიოდის გახანგრძლივების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. ავიარეისებზე დაწესებული შეზღუდვები გახანგრძლივდება საბერძნეთში. საფრანგეთსა და გერმანიაში კი ვაქცინაციის ტემპი იზრდება.

აღდგომის დღეს პარიზის ჩრდილოეთით, ქალაქ სარსელში, ჯანდაცვის მუშაკები მოსახლეობას ვაქცინაციას უტარებდნენ. საფრანგეთში  ვაქცინაციის ტემპის დასაჩქარებლად  ველოდრომებსა და ვაქცინაციის სხვადასხვა ცენტრში ათასობით ადამიანი იდგა რიგში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად.

ადგილობრივი ექიმი მაჯიდა ელ-მოხტარი აღნიშნავს, რომ ადამიანებს სურთ ვაქცინის მიღება, პრობლემა კი მაშინ იქმნება, როდესაც გარკვეული ასაკის ადამიანებს ჯერ არ ეკუთვნით ვაქცინა. მისი თქმით, ეს ბუნებრივია, ხალხს სურს, ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ექიმები ცდილობენ, მოქალაქეებს თავაზიანად აუხსნან, რომ მათი დროც მოვა, მანამდე კი იმ ადამიანებს ცრიან, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან.

აცრის გაკეთება ბევრს უნდა, თუმცა ყველა ვაქცინას არ იკეთებენ. მაგალითად, გასულ უქმეებზე კალეში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 500 დოზა გამოუყენებელი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა როგორც ჯანმოს, ისე ევროპის წამლის სააგენტოს მიერ არის დამტკიცებული.

ვაქცინაციის პროგრამის ტემპი ჩქარდება გერმანიაშიც. კელნში ხანშიშესული ადამიანები რიგში დგანან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად. გავრცელებული ინფორმაციით, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, „ასტრაზენეკათი“ აიცრებიან,  თუ სხვა ვაქცინით. გერმანიის ვაქცინების საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მხოლოდ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს შესთავაზებენ. ილსე რექსვინკელმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა. იგი ამბობს, რომ ადამიანი ვაქცინის მიღების წინ ყოველთვის ღელავს, რადგან ნებისმიერ აცრას გარკვეული რისკი ახლავს თან.

ევროპის სხვა ქვეყნებში კი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მორიგი კარანტინი და შეზღუდვები მოქმედებს. პორტუგალიაში შეცვალეს გადაწყვეტილება და ესპანეთიდან სახმელეთო და საზღვაო გზით შემოსული ადამიანებისთვის გახანგრძლივდება საკარანტინო პერიოდი.  დაწესებული შეზღუდვები გასულ უქმეებზე უნდა მოხსნილიყო, თუმცა კიდევ 11 დღე იმოქმედებს.  გამონაკლისის სახით დაიშვებიან მხოლოდ ტვირთის გადამზიდი ავტომობილები, სასწრაფო დახმარების მანქანები და სეზონზე მომუშავე მესაზღვრეები.

საბერძნეთში კი კვირას განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალ შემთხვევებთან გასამკლავებლად 12 აპრილამდე გახანგრძლივდება შეზღუდვა შიდა ფრენებზე, 19 აპრილამდე კი საერთაშორისო მიმოსვლაზე.

უახლესი

სხვა ამბები