მთავარი მსოფლიო აფრიკა სამხრეთ აფრიკაში პანდემია მოქალაქეების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახა

სამხრეთ აფრიკაში პანდემია მოქალაქეების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახა

ერთი წელი გავიდა, რაც სამხრეთ აფრიკაში საყოველთაო კარანტინი პირველად გამოაცხადეს. ქვეყანაში სულ უფრო მეტად მიმართავენ დეპრესიისა და შფოთვის სააგენტოს, შემოსული ზარების რაოდენობა გაორმაგდა. დღიური ზარები 60 000-დან 140 000-მდე გაიზარდა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სამხრეთ აფრიკის დეპრესიისა და შფოთვის სააგენტოს სპიკერი ვანიშა გორდიანის თქმით სააგენტოში სხვადასხვა პრობლემის გამო რეკავენ.

„ბევრს საკვები სჭირდება, ზოგი უმუშევრობას ებრძვის, ან ფინანსური პრობლემები აქვს. პანდემიამ ხალხზე დიდი გავლენა იქონია. ხალხს სამუშაო საათები შეუმცირდა, შესაბამისად, ისინი ნაკლებ ხელფასს იღებენ. მოგვმართავენ მშობლებიც, რომლებიც ბავშვების დისტანციური სწავლის გამო ძალიან იტანჯებიან. მათ უწევთ, იმუშაონ რვიდან ხუთამდე, შემდეგ კი ბავშვები ამეცადინონ ყოველგვარი დახმარებისა და დასვენების გარეშე“, –  აღნიშნა ვანიშა გორდიანმა.

აფრიკაში, ინდუსტრიის მხრივ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში, ვირუსის შედეგად ორმოცდაათ ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამას ეკონომიკური სიდუხჭირე და სოციალური დისტანციის დაცვა ემატება. ვანიშა გორდიანის ამბობს, რომ ყველა გადატვირთულია, რაც სტრესულ გარემოს ქმნის.



„სწავლა კვლავ ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენც დისტანციურად ვმუშაობთ. ოფისებში ჯერ კიდევ არ დავბრუნებულვართ. სამხრეთაფრიკელებს შეიძლება უყვარდეთ სახლიდან მუშაობა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი სტრესულია. სახლის საქმე, ბავშვეებზე ზრუნვა, სამსახური, ეს ყველაფერი ერთმანეთშია აერული. მნიშვნელოვანია თითეული საქმისთვის საათების გამოყოფა, რომ რუტინად აიქციო,“ თქვა მან.

სამხრეთ აფრიკაში ვაქცინაციის პროცესიც შენელებული ტემპით დაიწყო. ჯერჯერობით მხოლოდ ორას ორმოცდაათი ათასი ადამიანია აცრილი, ისიც მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. სამხრეთი აფრიკის დეპრესიისა და შფოთვის სააგენტოს სპიკერი შიშობს რომ ზამთარში მესამე ტალღა იქნება და ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დისტანცია ვირუსის შეჩერებისთვის საჭიროა, ხალხს ერთმანეთთან ურთიერთობები ისე სჭირდება, როგორც არასდროს, ამას კი შესული ზარების დიდი რაოდენობა ადასტურებს.

უახლესი

სხვა ამბები