უკრაინა აღმოსავლეთ რეგიონში ომის დაწყების საშიშროების წინაშეა, შეიძლება ითქვას, რომ ომი დონბასის რეგიონში, სამხედრო თვალსაზრისით, არც არასოდეს შეჩერებულა. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 13 დარღვევა დაფიქსირდა, დაიჭრა არმიის ორი ჯარისკაცი.
პენტაგონში კი აცხადებენ, რომ ევროპის კონტინენტზე განლაგებული ამერიკული არმიის ნაწილები მოქმედებისათვის სრულ მზადყოფნაში არიან, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ვაშინგტონში კი ნატოს წევრ მოკავშირე სახელმწიფოებთან ითათბირა.
“ჩვენ თვალს ვერ ვუგულვებელყოფთ რუსულ აგრესიას უკრაინაში და შეშფოთებულნი ვართ რუსეთის ფედერაციის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში პროვოკაციული ნაბიჯებით. 2020 წლის ივლისში გაფორმებული ცეცხლისშეწყვეტის შესახებ შეთანხმების რუსული მხარის მიერ დარღვევით 26 მარტს 4 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. რუსეთის ფედერაციის ქმედებები ძირს უთხრის ეუთოს ეგიდით ცეცხლისშეწყვეტის შესახებ შეთანხმებას”, – ნედ პრაისი, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი.
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ეუთოს მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად 26 მარტიდან მოყოლებული ცეცხლისშეწყვეტის შესახებ შეთანხმების 500 მდე შემთხვევა დაფიქსირდა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდომირ ზელენსკის განცხადებით დაიღუპა 20 უკრაინელი ჯარისკაცი, დაიჭრა 57.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი, აცხადებს, რომ კონტაქტის ხაზზე რეალობა საშიშია, უკრაინული არმია პროვოკაციულად მოქმედებს და ეს პროვოკაციები მიმდინარეა, რუსული არმიის სამხედრო ნაწილების გადაადგილება სასაზღვრო რეგიონებში, რუსეთის სახელმწიფოს შიდა საქმეა. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი ამბობს რომ მეორე ომი დონბასში, უკრაინის სახელმწიფოს დაშლას გამოიწვევს.
გეოპოლიტიკის შემსწავლელმა ამერიკულმა ორგანიზაცია “სტრატფორ”- მა 2015 წელს დონბასში ომის განახლების სამი შესაძლო ვერსია შეიმუშავა:
- აღმოსავლეთ უკრაინული სცენარი – რუსული არმიის მიერ მდინარე დნეპრის აღმოსავლეთით მდებარე ყველა უკრაინული რეგიონის ოკუპაციას ითვალისწინებს;
- სანაპირო სცენარი – ოდესის ოლქის ჩათვლით, მოლდოვის საზღვრამდე გაჭრის უკრაინას და შავ ზღვაზე გასასვლელს მთლიანად ჩაუჭრის;
- და ბოლოს სახმელეთო ხიდის სცენარი, რომელიც 3 სცენარიდან ყველაზე ნაკლებად ამბიციურია და შესაბამისად, რეალურია და მოიცავს ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას შორის მდებარე უკრაინული რაიონების ოკუპაციას ითვალისწინებს;
ომი უკრაინაში რუსეთის ფედერაციამ საქართველოში შეჭრიდან 6 წელიწადში დაიწყო. უკრაინა რუსეთის ომში დღემდე 13 ათასამდე უკრაინელი სამხედრო და 30 ათასამდე სამოქალაქო პირი დაიღუპა.