მთავარისაქართველოევროპამ შესაძლოა საქართველოს ფინანსური მხარდაჭერა შეუჩეროს

ევროპამ შესაძლოა საქართველოს ფინანსური მხარდაჭერა შეუჩეროს

მკაცრი გზავნილი ევროპიდან. კრისტიან დანიელსონის ორეტაპიანი მისიისა და ევროკავშირის მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკებების ორჯერ უშედეგოდ დასრულების შემდეგ, ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს არ დათანხმდნენ.

განცხადებაში წერია, რომ ეს გავლენას მოახდენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. პოლიტიკურ კონსენსუსზე უარის თქმის გამო ევროპარლამენტარები საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების შეჩერებას მოითხოვენ.  დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულებაში პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა პოლიტიკურ მხარეს, თუმცა აქვე წერია, რომ   განსაკუთრებული პასუხისმგებლობა  ეკისრება მმართველ პარტიას, რომელიც უნდა იყოს პირველი ამ კრიზისიდან საქართველოს გამოყვანის საქმეში.

ევროპარლამენტარები საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების შეჩერებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ საქართველოს ლიდერები არ უნდა მოელოდნენ ევროკავშირის მხრიდან ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნებას. ოპოზიციაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. მათი განმარტებით, ევროპარლამენტარების განცხადებაში ნათლად არის აღნიშნული, რომ შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობა დიდწილად სწორედ ხელისუფლებას ეკისრება.

„ჩვენ განცხადებაში ვნახეთ, რომ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ორივე მხარეს აკისრებენ, თუმცა უპირატესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა და ეს ნათლად არის ამ გზავნილში. რაც შეეხება ოპოზიციის პასუხისმგებლობას, კი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და მე პირადად ჩვენს მთავარ პასუხისმგებლობას იმაში ვხედავ, რომ უფრო მეტი ზეწოლა, უფრო მეტი წნეხი უნდა მოგვეხდინა „ქართულ ოცნებაზე“, რომ მას ხელი არ ეკრა მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ.

„ვფიქრობ, ევროპარლამენტარების წამყვანი წევრების განცხადება ძალიან ნათლად აღწერს შექმნილ ვითარებას და პასუხისმგებლობასაც. იქ ნათლად არის ნათქვამი, რომ უმეტესი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, რა თქმა უნდა, და ასევე არის საუბარი აუცილებლობაზე, რომ ორ საკითხზე, რაც იყო პრეზიდენტ მიშელის მიერ წარმოდგენილი ექვსპუნქტიანი ჩარჩოს განუყოფელი ნაწილი, ეს არის როგორც ვადამდელი არჩევნების საკითხი, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი – ამ ორ საკითხზე უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას. ასე რომ, ეს განცხადება ადასტურებს რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ წნეხი „ქართულ ოცნებაზე“ მხოლოდ გაიზრდება და ეს ასე იქნება როგორც ქვეყნის გარედან, რისი დასტურიც არის მოცემული განცხადება, ასევე ქვეყნის შიგნით“, – თქვა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა.

ხელისუფლებაში კი ევროპარლამენტარების პოზიციას გაუგებარს უწოდებენ.

„რასაკვირველია, ძალიან ცუდი შედეგია, რომ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ყველა პუნქტზე მზად ვიყავით რაღაც მცირე დაზუსტებებით, ხელი მოგვეწერა. გაუგებარია ამ შვიდი ევროპარლამენტარის პოზიცია. იმის მაგივრად, რომ აი, ამ თემებზე საუბრობდნენ, საიდან მოდის, რატომ ვერ შეთანხმდა ოპოზიცია და ხელისუფლება, იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს, თუკი ევროკავშირს ეს შვიდი პარლამენტარი მიმართავს“, – აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით კი ევროპარლამენტარების მხრიდან გავრეცელებული განცხადება საქართველოში სერიოზულად უნდა აღიქვან. მისივე შეფასებით, განცხადების ხელმომწერები წამყვანი ევროპარლამენტარები არიან, რომლებსაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში განსხვავებული როლი აკისრიათ.

„მე არ შემიძლია, რომ ევროპარლამენტის ან მისი კონკრეტული წევრების სახელით ვისაუბრო. უბრალოდ ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, მოდის კონკრეტული, ძალიან ცხადი გზავნილები და აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების ხელმომწერები წამყვანი ევროპარლამენტარები არიან, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლი, როდესაც საქმე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ეხება. ასე რომ, ევროპარლამენტარების მხრიდან გზავნილები სერიოზულად უნდა იყოს აღქმული“, – თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, საქართველოსთვის კარგად ცნობილი შვიდი ევროპარლამენტარი აწერს ხელს.

 

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend