საქართველო ფოლკლორისტს და საგუნდო დირიჟორს, ანზორ ერქომაიშვილს ემშვიდობება. 80 წლის მუსიკოსი კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მან წლების განმავლობაში მოიძია და აღადგინა უძველესი ქართული ფოლკლორის ნიმუშები. სხვადასხვა ქვეყნის არქივებიდან შეკრიბა ქართული საგალობლები. ანზორ ერქომაიშვილმა არაერთი ანსამბლი დაარსა. ის თავადაც წერდა მუსიკას, თუმცა ამაზე არასდროს საუბრობდა. მუსიკოსს 3 აპრილს მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
ურუშაძეების ოჯახში, რამდენიმე თაობა ახლა ანზორ ერქომაიშვილის მუსიკას ასრულებს. სიმღერა მის მშობლიურ მხარეს, გურიას ეძღვნება.
“ბატონ ანზორს არ უყვარდა თავის სიმღერებზე საუბარი. რატომღაც ერიდებოდა ეთქვა, რომ მისი დაწერილი იყო. არასდროს უნდოდა ამაზე აქცენტის გაკეთება. რამდენიმე სიმღერაა, რომელიც დღემდე არ იცის ხალხმა, რომ ანზორ ერქომაიშივლს ეკუთვნის. მაგალითად – “მივალ გურიაში მარა”. ამ სიმღერის ვერსია ჩონგურზე, საკმაოდ პოპულარულია ხალხში, განსაკუთრებით კი გურიაში. თუმცა თითქმის არავინ იცის, რომ სწორედ ანზორ ერქომაიშვილს ეკუთვნის”, – ამბობს მგალობელ-მომღერალი სერგო ურუშაძე.
მან ჯერ კიდევ სტუდენტობიდან დაიწყო უძველესი ქართული მრავალხმიანობის აღდგენა. უჩვეულო გამბედაობაც გამოიჩინა, როდესაც მეგობრებთან ერთად პირველად შეასრულა ქართული საგალობლები სცენაზე.
“პირველი ყინული გაჭრა, როდესაც კომუნისტების პერიოდში საგალობელი გააჟღერა სცენაზე. მანამდეც იცოდნენ გალობა. ბაბუამისმა, არტემ ერქომაიშვილმა 2000-ზე მეტი საგალობელი იცოდა ზეპირად. თუმცა მაშინ ამას თამამად ვერ ამხელდნენ იმიტომ, რომ ამისთვის ციხე ემუქრებოდათ. ბატონმა ანზორმა და მისმა მეგობრებმა – თემურ ქევხიშვილმა, ომარ სიხარულიძემ, “გორდელასთან” ერთად სტუდენტობის დროს პირველი სოლო კონცერტი კონსერვატორიის მცირე დარბაზში გამართეს, სადაც მხოლოდ საგალობლები შესრულდა. ეს მაშინ ბომბის აფეთქებასავით იყო. მერაბ კოსტავას მიჰყავდა ეს კონცერტი”, – ამბობს საქართველოს ფოლკლორის ცენტრის ხელმღვანელი გიორგი დონაძე.
მეოთხმოცე დაბადების დღე გურიაში იზეიმა. ბოლოს აქ მოისმინა უამრავი მადლობა ანსამბლი “გორდელასთვის”, “რუსთავისთვის”, “მართვესთვის”. ათობით სალოტბარო სკოლის დაარსებისთვის. პარიზის, ლონდონისა და მოსკოვის არქივებში მოძიებული უნიკალური ქართული პოლიფონიისთვის. უჩვეულო თავმდაბლობისა და პროგრესულობისთვის.
“ის უაღრესად თანამედროვე იყო ყველაფერში. როგორც კი შემოდიოდა ახალი ტექნოლოგია, მაგალითად ციფრული ჩაწერისა და ამ ჩანაწერების გავრცელების მეთოდები, მაშინვე ცდილობდა გამოეყენებინა. ის ყველაფერში მოწინავე საშუალებებს მიმართავდა და ჩვენც მოგვიწოდებდა, ასე მოვქცეულიყავით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – იხსენებს დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი.
2020 წლის 10 აგვისტოს, ოზურგეთის თეატრის თაღებში გაისმა მისი უკანასკნელი “ხასანბეგურა”. ეს ემოცია მაშინ მაყურებელთან დამშვიდობებას არ ჰგავდა…
ნანუკა მეშველაშვილი