პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნად ჩამოვიდა და მეგორებთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში ზეიმობდა მაშინ, როდესაც ქვეყანაში ეგრეთ წოდებული „კომენდანტის საათი“ იყო გამოცხადებული. საპროტესტო აქციის შემდეგ, რომელიც ვლადიმირ პოზნერის ვიზიტსა და რეგულაციების დარღვევას მოჰყვა, რუსი ჟურნალისტი საქართველოდან გაემგზავრა.
რუსეთის „პირველი არხის“ ტელეწამყვანის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებულ პროტესტს კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოემხაურა. მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლა რუსეთის მოქალაქეებისთვის სახიფათოა. პოზნერის მიერ კარანტინის წესების დარღვევას საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა:
„ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ შენი ქვეყანა ოკუპირებული არ არის და აფხაზეთი საქართველო არ არის, ჩემთვის მისაღები არ არის“;
„ჩამოდის აქ, რომ დაბადების დღე გადაიხადოს კომენდანტის საათის დროს, ეს ყველაფერი სამარცხვინოა“;
„პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. იმისი არ იყოს, გავრილოვი დაჯდა სკამზეო და დაჯდა, მეტი რა გააკეთა? შედეგად რა მივიღეთ? – დაშავებული ბავშვები“;
„პოზნერი არ არის საქართველოში სასურველი სტუმარი. თანაც მან კანონი დაარღვია და ისე გადაიხადა დაბადების დღე“, – ამბობენ საქართველოს მოქალაქეები.
31 მარტს ღამით განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი როგორც რუსეთის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა. საზღვრის გადმოკვეთის დროს ტელეწამყვანმა სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტი გამოიყენა.
„რაც შეეხება სტუმრების შეკრებას თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია და კანონის დარღვევაა. ამას შესაბამისი უწყებების მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა, კერძოდ, დაჯარიმდა როგორც დაწესებულება, ასევე თითოეული პიროვნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
დაჯარიმების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს თავად ვლადიმირ პოზნერი. მან სააგენტო „რია ნოვოსტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ კარანტინის წესების დარღვევისთვის არც ის და არც მისი სტუმრები არ დაუჯარიმებიათ. თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური საწინააღმდეგოს ამტკიცებს, ამავე უწყების Facebook გვერდზე ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითრის ასლიც გამოაქვეყნეს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს და აქვე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, დაჯარიმდა 32 პირი. თითოეულმა მათგანმა უკვე გადაიხადა ჯარიმა, მათ მხოლოდ ამის შემდეგ დატოვეს ქვეყანა“, – წერენ უწყებაში.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით ვლადიმირ პოზნერსა და მის სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეგრეთ წოდებული „კომენდანტის საათის“ დროს გადაადგილების ნებართვა მისცა.
„თითქოს კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციები იყო პრობლემა და ამაზე გააკეთეს აქცენტი. პირველ რიგში, მაინტერესებს, როგორ შემოვიდნენ, ან როგორ გადაადგილდებოდნენ და ბოლოს, იცოდა თუ არა ხელისუფებამ ამის შესახებ“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ, პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა.
„მათი შემოშვების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უმაღლეს დონეზე და საქმის კურსში იყო შინაგან საქმეთა მინისტრიც“, – ამბობს გიორგი კანდელაკი, პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი.
რუსეთის „პირველი არხის“ ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მის ჩამოსვლას სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა, გეგმა შეცვალა და ქვეყანა დაგეგმილზე ადრე დატოვა.
ანანო ღუდუშაური