მთავარი ევროპა ესპანეთი "ხანგრძლივი კოვიდი" ბავშვებში

“ხანგრძლივი კოვიდი” ბავშვებში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით 10 ადამიანიდან ერთს კორონავირუსით დაინფიცირებიდან 12 კვირის შემდეგაც გარკვეული სიმპტომები აღენიშნება. ამ მოვლენას კოვიდ-19-ის პოსტსინდრომი ან ხანგრძლივი კოვიდი ჰქვია და რისკის ქვეშ როგორც ზრდასრულები, ასევე ბავშვებიც არიან. ესპანეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ბავშვებისთვის პირველი „ხანგრძლივი კოვიდის“ სამკურნალო განყოფილება მოეწყო, აქ 60 ბავშვს მკურნალობენ.

ჯორჯინა ერთ-ერთია, რომელიც კორონავირუსით 2020 წლის ოქტომბერში დაინფიცირდა, თუმცა მას ახლაც აღენიშნება ვირუსის სიმპტომები. იანვარში შეწყვიტა სკოლაში სიარული და  ახლა დისტანციურად მხოლოდ რამდენიმე გაკვეთილს ესწრება. ჯორჯინას  მუდმივად თავის ტკივილები და დაღლილობა აწუხებს. ადრე გოგონა კარგად სწავლობდა და კარგს ნიშნებსაც იღებდა, ახლა კი კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა და სწავლაც გაუჭირდა. ჯორჯინას მამა ღელავს, მისი ქალიშვილი ისეთი რომ აღარ არის, როგორიც  ადრე იყო და ერთი სული აქვს, მალე გამოჯანმრთელდეს. თუმცა ეს როდის მოხდება, ექიმებს ჯერჯერობით არ აქვთ პასუხი.

 

ჯორჯინა ერთ-ერთია იმ 60 პაციენტიდან, რომლებიც ესპანეთში ბავშვებისთვის განკუთვნილ „ხანგრძლივი კოვიდის“ განყოფილებაში მკურნალობენ. ყველა პაციენტს თითქმის ერთნაირი სიმპტომი აქვს.

პედიატრიული განყოფილების უფროსი მარია მენდესი აღნიშნავს, რომ მთავარი პრობლემა ნეიროფსიქოლოგიური დარღვევაა. ამ ბავშვებს უჭირთ გაკვეთილებზე აზრის მოკრება, ზოგი საერთოდ ვერ დადის სკოლაში, ზოგი კი დისტანციურად ერთვება, თუმცა კონცენტრაციასთან დაკავშირებით თითქმის ყველას ექმნება პრობლემა.

გუტმანის ინსტიტუტის ნეიროფსიქოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვნელი ანტონინა ენსენატი ამბობს, რომ არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ხანგრძლივი კოვიდი, შესაბამისად, ბევრ კითვაზე პასუხიც არ აქვთ, თუმცა სჯერათ, რომ მათთან მყოფი ყველა ბავშვი აუცილებლად გამოჯანმრთელდება.

ესპანეთის ამ საავადმყოფოში ბავშვებს დროულად   გამოჯანმრთელებისთვის პერსონალურად მორგებულ მკურნალობას სთავაზობენ. მასში შედის ვარჯიშები ფიზიკური და რესპირატორული სისტემის გასაუმჯობესებლად, ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ნეიროკოგნიტურ რეაბილიტაციას.

ბავშვებში, როგორც წესი, ვირუსი მსუბუქად და ან საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ექიმები ადასტურებენ, რომ  ხანგრძლივი კოვიდის შემთხვევაში ისინი ისევე არიან საფრთხის წინაშე, როგორც ზრდასრულები.

უახლესი

სხვა ამბები