მოლაპარაკების მეორე რაუნდის კვლავ უშედეგოდ დასრულების შემდეგ, შვედი დიპლომატი, კრისტიან დანიელსონი, ბრიუსელში დაბრუნდა. ამას წინ უძღვოდა ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის შვიდ-საათიანი შეხვედრა, სადაც მხარეებს შორის შეთანხმება კვლავ ვერ შედგა. ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შარლ მიშელის მიერ საქართველოში სპეციალური მისიით გამოგზავნილი დიპლომატის მიერ წარდგენილ განახლებულ დოკუმენტსაც არ მოაწერეს ხელი.
„სამწუხაროა, უნდა ვთქვა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო“, – განაცხადა შვედმა დიპლომატმა, კრისტიან დანიელსონმა.
ჩაშლილ მოლაპარაკებებში მმართველი გუნდი თავის ბრალეულობას ტრადიციულად ვერ ხედავს. მათი თქმით, ხუთ პუნქტიანი დოკუმენტი მათთვის სრულიად მისაღები იყო, თუმცა სახელისუფლებო გუნდში მიიჩნევენ, რომ ხელმოწერას აზრი ექნებოდა, თუ სხვა მონაწილეებიც მოაწერდნენ ხელს.
„ხუთივე პუნქტზე ჩვენ გვქონდა პრინციპული თანხმობა. ცალკეული ტექნიკური დათქმების კუთხით, რომლებიც არ იყო პრინციპული ჩვენი ოპონენტებისთვის. რაც შეეხება ხელმოწერას – ხელმოწერას, რა თქმა უნდა, აზრი ექნებოდა, თუკი საერთოდ მოაწერდნენ ხელს სხვა მონაწილეებიც. ცალმხრივად ხელმოწერას, რა თქმა უნდა, დატვირთვა არ აქვს. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას დოკუმენტის მიმართ, ჩვენ პრინციპულად განვაცხადეთ თანხმობა ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. გვქონდა რამდენიმე მცირე მნიშვნელობის შენიშვნა, რომელზეც ჩანდა, რომ, მათ შორის, მხარეებს არ ჰქონდათ პრინციპული პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.
საკუთარ ბრალეულობას ვერც ოპოზიციაში ხედავენ. მათი შეფასებით, მოლაპარაკების მეორე რაუნდი უშედეგოდ იმიტომ დასრულდა, რომ „ქართული ოცნება“ არ აღმოჩნდა მზად იმისათვის, რომ შეთანხმებაზე წასულიყო.
„ძალიან სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჩაიშალა, მაგრამ ჩაიშალა იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არ აღმოჩნდა მზად, ისევ და ისევ, როგორც წინა რაუნდზე, რომ წამოსულიყო შეთანხმებაზე, პოლიტიკური პატიმრების თემა დაეხურა ერთხელ და სამუდამოდ და მოგვეძებნა გზა ახალ არჩევნებამდე. შემოთავაზებულ დოკუმენტში იყო სამი საკითხი, რომელიც ჩვენთვის ამ წუთშივე არის მისაღები. ეს არის ძალაუფლების განაწილების საკითხი, ეს არის სასამართლო რეფორმისა და საარჩევნო რეფორმის საკითხები, მაგრამ ამ საკითხებზეც „ქართული ოცნება“ არ არის მზად, რომ გადმოდგას ნაბიჯები. ანუ, რეალურად, ისევ და ისევ ჩაისალა „ქართული ოცნების“ სრულიად არაკონსტრუქციული დამოკიდებულების გამო“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის სამომავლო გეგმებს, ისინი უკვე საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
„ჩვენ რასაც ვაპირებთ დღეიდან, ეს არის ორი მიმართულებით მუშაობა. ერთი ეს არის საზოგადოების მაქსიმალური მობილიზაცია იმისთვის, რომ გააქტიურდეს ყველა მოქალაქე, ვისაც სურს, რომ იცხოვროს დემოკრატიულ ქვეყანაში და ვისაც არ მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეუზღუდავად და გაურკვეველი დროით უნდა გადაიფორმოს პირად საკუთრებად ჩვენი სახელმწიფო. ჩვენ ვგეგმავთ აქციას 15 მაისს და ვიწყებთ მზადებას ამ აქციისთვის“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა.
ცნობილია ხელისუფლების გეგმებიც. როგორც თავად ამბობენ, ისინი აპირებენ, რომ ოპოზიციასთან ერთად თუ მათ გარეშე, მაინც გააგრძელონ სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებასა თუ რეფორმაზე მუშაობა.
ევროპელი დიპლომატისგან კი მხოლოდ ერთი ვიცით…
„მე მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, თუ რა ხდებოდა ამ ორი დღის განმავლობაში. ის გადაწყვეტს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები და როდის იქნება გადადგმული“, – თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა.
ანა ალელიშვილი