კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას სახელმწიფოებმა გლობალურ თანამშრომლობაზე უარი თქვეს. იმის გამო, რომ პანდემიასთან დაკავშირებული ხელშეკრულება არ არსებობდა, ქვეყნებმა მარაგების დაგროვებისას, თანამშრომლობის ნაცვლად, ერთმანეთთან კონკურენცია დაიწყეს. ახლა მსოფლიო ლიდერები – ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი და ბორის ჯონსონი მომავალი გლობალური კრიზისის დასაძლევად საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის ინიციატივით გამოდიან. მათი თქმით, თუ ვინმე დაუცველი იქნება, სხვა ვერავინ იქნება ბოლომდე დაცული.
შესაბამისად, ქვეყნებს მეტი პასუხისმგებლობა და ურთიერთთანამშრომლობა მოეთხოვებათ. ლიდერების განცხადებით, ახალი ხელშეკრულება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუციის საფუძველზე შეიქმნება.
„ახლა მოქმედების დროა. მსოფლიო ახალი პანდემიისთვის მზად უნდა იყოს. არ შეიძლება, რომ მომხდარი დავივიწყოთ და ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდეთ“, – აცხადებს ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეისუსი.
„არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, მარტომ დაამარცხოს პანდემია. საჭიროა გლობალური მიდგომა. საჭიროა კოლექტიური თანამშრომლობა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. შემდეგი პანდემია მხოლოდ დროის ამბავია“, – აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
ემოციური გამოსვლების მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებენ განვითარებული ქვეყნები გლობალური ვაქცინაციის პროგრამაზე მუშაობას. ევროკავშირს 27 წევრი ქვეყნის მოსახლეობის ასაცრელად ჯერ კიდევ არ აქვს ეფექტიანი გეგმა.