თითქმის ერთწლიანი კარანტინის პერიოდში ახალგაზრდები განასაკუთრებულად მიეჯაჭვნენ ეკრანს. სულ უფრო მეტი მშობელი ღელავს, რომ მათი შვილები გამუდმებით კომპიუტერისა თუ მობილური ტელეფონის ეკრანებს მისჩერებიან – ხან თამაშობენ, ხან სწავლობენ. მშობლები შიშობენ, რომ ეს ჩვევა მანიაში გადაიზრდება.
ბენედეტა მელეგარი, GRAZIA DELEDDA-ს სკოლის სტუდენტი:
„პანდემიის დაწყების შემდეგ დღეში 8 საათს კომპიუტერთან ვატარებ. მანამდე თითქმის არც ვეკარებოდი. ახლა ტელეფონისა და კომპიუტერის გარეშე ვეღარ ვძლებ.“
ბენედეტა 18 წლისაა, იგი იტალიაში, ქალაქ გენუაში, ცხოვრობს. ბენედეტა, მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთია იმ მილიარდ-ნახევარზე მეტი სტუდენტიდან, რომელთაც განათლების პროცესი პანდემიის გამო აერიათ. მთელი 2020 წლის განმავლობაში ბენედეტა დისტანციურად სწავლობდა და ახლაც ასეა.
მართალია, დისტანციური სწავლის წყალობით, განათლების პროცესის შენარჩუნება მოხერხდა, მაგრამ ბევრი ექსპერტი სწავლების ამ მეთოდს მწვავედ აკრიტიკებს, რადგან სტუდენტები ეკრანებს მიაჯაჭვა. თუმცა კრიტიკას ყველა არ ეთანხმება.
რობერტო რებორა, GRAZIA DELEDDA-ს სკოლის ინგლისურის მასწავლებელი:
„სტუდენტები ძველებურად აღარ ეტანებიან კომპიუტერს, რადგან მას დისტანციურ სწავლასთან აიგივებენ. თუმცა ეს ხელს არ უშლით, სულ ტელეფონს უყურონ, რადგან ახლა ეს გადაიქცა სხვა ხალხთან კონტაქტის ახალ, შესაძლოა, ერთადერთ საშუალებად.“
ბენედეტა გამოტყდა, რომ სმარტფონს ბევრად უფრო ხშირად იყენებს, ვიდრე პანდემიამდე იყენებდა. გოგონა ამბობს, რომ სოციალურ ქსელებში რამდენიმე საათს ისე ატარებს, რომ ვერც იგებს.
ბენედეტა მელეგარი, GRAZIA DELEDDA-ს სკოლის სტუდენტი:
„სხვა რამის კეთება აღარ მაინტერესებს. გავზარმაცდი. როგორც წესი, სოციალურ ქსელში შესვლამდე ვამბობ: სულ ხუთი წუთით შევიხედავ. მერე კი აღმოვაჩენ, რომ ტიკ-ტოკსა და ინსტაგრამზე ორი საათი დავკარგე. ეს ძირითადად საღამოს ხდება. ამის გამო გაღიზიანებული ვარ და ძალიან მიჭირს დაძინება.“
ბენედეტას დედა სერენა ველა წუხს, რომ მისი გოგონა „კომპიუტერთან საათებს ატარებს.
სერენა ველა, ბენედეტას დედა:
„ეს ნიშნავს, რომ ოჯახს აღარ ეკონტაქტებიან. როგორც მშობელი, ხშირად ვეკითხები ჩემს თავს: ხომ არ გადავა ეს ავადმყოფურ დამოკიდებულებაში?“
ბენედეტას დედა არც პირველია და არც – უკანასკნელი, ამასთან დაკავშირებით რომ ღელავს. 2017 წელს ჯანდაცვის ადგილობრივმა უწყებამ გენუაში ექსპერტების ჯგუფი მოიწვია და სთხოვა, ახალგაზრდებში ინტერნეტზე მზარდი დამოკიდებულების ფენომენი შეესწავლათ.
მარგერიტა დოლჩინო, ASL 3 GENOVA-ს ფიზიოლოგი:
„კარანტინის შემდეგ დახმარებისთვის მომართვიანობა ხომ არ გაორმაგდა? ბოლო სამი თვის განმავლოაბში, ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში, ათ ბავშვს დავუდგინეთ ინტერნეტზე დამოკიდებულების დიაგნოზი.“
ექსპერტთა ჯგუფის კოორდინატორი კრისტიანა ბუსო განმარტავს, რომ ახალი პაციენტები ძირითადად 13-დან 20 წლამდე მამრობითი სქესის ახალგაზრდები არიან. ტქენოლოგიურ აპარატურასთან არაჯანსაღი დამოკიდებულება მათ პანდემიამდეც ჰქონდათ და მათ შემთხვევაში დისტანციური სწავლა ინტერნეტდამოკიდებულების მიზეზად ვერ ჩაითვლება.
კრისტიანა ბუსო, ASL 3 GENOVA-ს ფიზიოლოგი:
„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ არ განვსაზღვროთ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება სხვადასხვა აპარატურასთან გატარებული დროის მიხედვით. მშობლები ხშირად სწორედ ამას თვლიან მთავარ პრობლემად. ჩვენი აზრით, უნდა შევისწავლოთ, რატომ არის მოზარდი ეკრანზე მიჯაჭვული. უნდა დავსვათ კითხვა, როგორ იყენებს ბავშვი ინტერნეტს და რატომ ატარებს იქ დიდ დროს?“
როგორ უნდა განსაზღვრო, რა არის ეკრანზე დამოკიდებულება ინტერნეტის ეპოქის თაობაში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პარიზში ჩავედით და ინტერნეტდამოკიდებულების რამდენიმე ცნობილ მკვლევარს შევხვდით. მიქაელ სტორა ფსიქოლოგი და მწერალია. მან დააფუძნა „ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ციფრული სამყაროს ობსერვატორია“.
მიქაელ სტორა, ფსიქოლოგი:
„თანდათან ადამიანი, თამაშის გარდა, აღარაფერს აკეთებს. ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება სხვა აზარტულ მანიებს უთანაბრდება. თამაში იმაზე მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ნებისმიერი სოციალური საქმიანობა. ვირტუალური ურთიერთობა ნებისმიერ რეალურ ურთიერთობას ურჩევნია. თუ ადამიანმა ყველა ეს სიმპტომი ექვს თვეში არ დაძლია, მას ინტერნეტდამოკიდებულის დიაგნოზს ვუსვამთ.“
სტორას აზრით, ინტერნტედამოკიდებული ახალგაზრდების 98 პროცენტს მაღალი ინტელექტი აქვს, მაგრამ ისინი ხშირად გარკვეული სოციალური ფობიებით იტანჯებიან, ან აუტიზმისკენ იხრებიან.
მიქაელ სტორა, ფსიქოლოგი:
„თუ ასეთმა ახალგაზრდამ ერთხელ მარცხი განიცადა, ის ყველაფერზე ხელს იღებს. ვიდეოთამაშები ასეთ დროს გარკვეული ანტიდეპრესანტის როლს ასრულებს. გარდა ამისა, ვირტუალური თამაშის დროს ისინი თავს გმირად აღიქვამენ. შეუძლიათ, იბრძოლონ და წარმატებას სწრაფად მიაღწიონ…რეალურ ცხოვრებაში კი წარმატება დიდ დროსა და სიბეჯითეს მოითხოვს“.
სტორა თვლის, რომ ასეთი ბავშვებისთვის თამაშზე დამოკიდებულება შესაძლოა, სასარგებლოც კი აღმოჩნდეს. სწორედ ამ მოსაზრებაზე დაყრდნობით შექმნა „გმირების სკოლა“, რომელშიც ისეთი ბავშვები სწავლობენ, რომლებიც ვიდეოთამაშებში მაღალ ქულებს იღებენ. სკოლაში ეს ბავშვები თამაშების შექმნას სწავლობენ.
ფიდი ლეფებრი, „გმირების სკოლის“ მოსწავლე:
„მე არ ვარ ტექნოლოგიაზე დამოკიდებული, მე თავად ვარ ტექნოლოგია…ყოველდღე დაახლოებით 13-14 საათს ვატარებ ეკრანთან, ყველაზე დიდხანს – 16 საათს…„მე არ ვთვლი, რომ ინტერნეტდამოკიდებული ვარ. ასეთი დიაგნოზი ჩემთვის არავის დაუსვამს. ასეც რომ იყოს, არ მაღელვებს.“
ფიდი 16 წლისაა. მან სკოლა ერთი წლის წინ მიატოვა. ფიდის ასპერგერის სინდრომი აქვს. აუტისტური სპექტრი წლებია, ფიდის და მის მშობლებს პრობლემებს უქმნის. ისინი გამოსავალს ახალი ტექნოლოგიებისგან ელოდებიან.
ჰუგო ლეფებრი, ფიდის მამა:
„ჩემი შვილის მდგომარეობის გათვალისწინებით, ვიდეოთამაში ის თავშესაფარი მგონია, რომელშიც ჩემი შვილი თავს კარგად გრძნობს. ეს უფრო ნუგეშია, ვიდრე მანია, რომელსაც მკურნალობა სჭირდება.“
ფიდი ლეფებრი, „გმირების სკოლის“ მოსწავლე:
„პანდემიამდე მოქმედ წესებს თავიდან ვწერთ. ახლა სრულიად თავისუფალი ვარ. ინტერნეტს მხოლოდ ღამე გვითიშავენ, რაც ძალიან სამწუხაროა.“
ჯერ ძალიან ადრეა, შევაფასოთ, რა გავლენა მოახდინა ხანგრძლივმა სოციალურმა იზოლაციამ ახალგაზრდებზე. ცოტა მეტი დრო უნდა გავიდეს, რომ გავიგოთ, რამდენად შორს არის წასული ინტერნეტზე დამოკიდებულების პროცესი და დასრულდება თუ არა პანდემიასთან ერთად.
ფიდი ლეფებრი, „გმირების სკოლის“ მოსწავლე:
„ჩემთვის ეკრანი სხვა სამყარო არ არის, ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია.“
ავტორი: მონიკა პინა