მთავარი სპორტი იაპონიის ელჩის ვიზიტი საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში

იაპონიის ელჩის ვიზიტი საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში

საქართველოში იაპონიის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იმამურა აკირა და იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი, იმანიში ტაკაო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს, ლერი ხაბელოვს შეხვდნენ.

შეხვედრამდე იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებმა ოლიმპიური კომიტეტის მუზეუმი დაათვალიერეს, შეხვედრაზე კი სეოკ-ის წარმომადგენლებთან ერთად ტოკიოს ოლიმპიადის მოსამზადებელი პროცესი განიხილეს, რომელიც პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო.

 
იაპონიის ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა ფიქრობს, რომ ოლიმპიადა ქართველებსა და იაპონელებს ერთმანეთის კულტურის გაცნობაში დაეხმარება.

“საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წევრებთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. პრეზიდენტს ვუთხარი, რომ შევეცდებით ოლიმპიადაზე ათლეტებს მაქსიმალურად კარგი პირობები დავახვედროთ და კორონავირუსის გავრცელების საფრთხე შევამციროთ. იაპონიას სურს, რომ ეს ოლიმპიადა კორონავირუსის წინააღმდეგ ერთიანობის სიმბოლო იყოს. იმედი მაქვს, რომ ისევე როგორც ყველა, ქართველი და იაპონელი სპორტსმენები თავს კარგად წარმოაჩენენ. ოლიმპიადა შესაძლებლობაა, რომ ქართველები და იაპონელები ერთმანეთის კულტურას გაეცნონ”, – განაცხადა იმამურა აკირამ.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი ფიქრობს, რომ იაპონიის ელჩთან შეხვედრა ოლიმპიადის ჩატარების დასტურია.

“ეჭვი არ გვეპარება, რომ იაპონია ოლიმპიურ თამაშებს უმაღლეს დონეზე ჩაატარებს. ოლიმპიადა უცხოელი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება, თუმცა ადგილობრივი გულშემატკივრის ნაწილი შეძლებს ოლიმპიადაზე დასწრებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, რომ წინა ოლიმპიადაზე მიღწეული შედეგი გავაუმჯობესოთ და ერთით მეტი ოქროს მედალი მოვიპოვოთ,” – ამბობს ლერი ხაბელოვი.

2016 წელს რიოს ოლიმპიადაზე საქართველომ 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

იაპონიის ელჩის ვიზიტიიაპონიის ელჩის ვიზიტი