მთავარი გადაცემები გლობალური საუბარი ბოსნიელი მიგრანტების თავსატეხი

ბოსნიელი მიგრანტების თავსატეხი

ბოსნია მიგრანტების სატრანზიტო ქვეყანაა, რომელსაც „ბალკანეთის მარშრუტსაც“ უწოდებენ. მაგრამ ევროკავშირის კარი ამ გზაზე მიმავალი ათასობით მიგრანტისთვის დახშულია. ევროკავშირში მოხვედრის მსურველი მიგრანტების დიდ ნაწილს მიტოვებულ შენობებსა და თვითნაკეთ კარვებში სძინავს, ნაწილს – მიტოვებულ სატვირთო ვაგონებში. მაგალითად ქალაქ ტუზლას გარეუბანში, ტემპერატურა ნულს ქვემოთაა. ასობით კაცი კი, სალმანისა და მისი ძმის მსგავსად, შუა ზამთარში ღამეს  ამ ფარღალალა ვაგონში ათევს. ვაგონი არ თბება, არადა, ტემპერატურა მინუს 10 გრადუსია. რატომ არ არის ეს ხალხი  თავშესაფარში? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი მთელ ბოსნია-ჰერცეგოვინას აინტერესებს.

 
სალმანი, პაკისტანელი მიგრანტი:

„ძველ ვაგონში გვძინავს. აქ ყოფნაში კარგი არაფერია. ძალიან შევცდით, რომ ბოსნიაში ჩამოვედით. დიდი შეცდომა დავუშვით.“

მეგობრული საუბარი ერთ-ერთი მიგრანტის ყვირილმა შეგვაწყვეტინა, იგი დანამომარჯვებული დაიძრა ჩვენკენ. გადავწყვიტეთ, გავცლოდით…

დილით სალმანმა აგვიხსნა, რომ მის ერთ-ერთ  თანამგზავრს პაკისტანიდან ბოსნიამდე მგზავრობის დროს ფსიქიკა შეერყა.

საშუალო ფენის ოჯახები ათასობით ევროს აგროვებენ, რომ შვილები ევროპაში გაუშვან. მაგრამ ისინი შუა გზაზე ჩიხში შევიდნე. ვერც წინ მიდიან, ვერც –  უკან.

სალმანი, პაკისტანელი მიგრანტი:

„აქ ძალიან ცივა. ყოველდღე თოვს. ძალიან გვიჭირს, ამას ცხოვრება არ ჰქვია, თავადაც კარგად ხედავთ….“

ადგილობრივმა მთავრობამ ტუზლას რეგიონში მიგრანტების ბანაკის გახსნაზე უარი თქვა – მიუხედავად ამისა, ეს ქალაქი სერბეთსა და ხორვატიას შორის მნიშვნელოვანი სატრანზიტო პუნქტია.

EMMAUS  მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები მიგრანტებს გათბობის საშუალებას აძლევენ. მათი უმეტესობა პაკისტანიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდანაა, ~ „ევრონიუსი“ ალჟირიდან ჩამოსულ მიგრანტებს გაესაუბრა. ბრაჰიმ რადისა და მისი მეგობრებისთვის ევროპაში შეღწევის მცდელობა პირველი არ არის.

ალჟირელი მიგრანტი:

„ხორვატიის საზღვარზე მესაზღვრემ კბილები კეტით ჩამიმსხვრია. პირდაპირ ტუჩებში მომარტყა კეტი. ზოგმა თვალი დაკარგა, ზოგს ნეკნები დაუზიანეს. აი,  მაგალითად, ამ კაცს ყურში ჩაარტყეს კეტი.“

EMMAUS-ის ოფისში მიგრანტებს შეუძლიათ, შხაპი მიიღონ და ჭუჭყიანი ტანსაცმლის ნაცვლად, სუფთა ჩაიცვან. ამ ადგილის დიასახლისი ახალგაზრდა ადვოკატი ჯენეტაა.

ჯენეტა დელიჩ-სადიკოვიჩი,  EMMAUS-ის წარმომადგენელი:

„ხორვატია-ბოსნიის საზღვის დარღვევის პრობლემა უნდა მოგვარდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ხალხს აქ [ბოსნია-ჰერცეგოვინაში] დარჩენა არ სურს, უნდა მოინახოს გამოსავალი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, დატოვონ ბოსნია და ევროპაში შევიდნენ.“

„ევრონიუსმა“ ლიპას  მიგრანტთა ბანაკიც მოინახულა, რომელსაც  შობის დროს ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა.

ვინ გააჩინა ცეცხლი? ამ საკითხს გამოძიება დღესაც არკვევს.

ლიპას ბანაკი ზაფხულში გაკეთდა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი ზამთრისთვის  მომზადება ვერ მოასწრო. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ განგაშის ზარი შემოჰკრა. ბოსნიის მთავრობამ ბანაკისთვის ახალი ადგილი შეარჩია, სარაევოსთან ახლოს, მაგრამ ადგილობრივი  მოსახლეობის პროტესტის გამო, ბანაკის გადატანა ვერ მოხერხდა.

მიგრანტები ყინვისა და სიკვდილისთვის რომ არ გაეწირათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასათბობად კარვები მისცა.

სულეიმან შაჰიდი, პაკისტანელი მიგრანტი:
„სასმელი წყლის ასაღებად ორ კილომეტრს ფეხით გავდივართ – იქ დღეში სამ ბოთლ წყალს მაძლევენ, რომელიც 33-45 კაცს უნდა ეყოს.“

ამჟამად ბოსნია-ჰერცეგოვინაში 9 ათასამდე მიგრანტია. „კაცმა რომ თქვას, მათთვის თავშესაფრის მიცემას განსაკუთრებული  მეცნიერული მიღწევები არ სჭირდება“, – განუცხადა ევრონიუსს ევროკავშირის ელჩმა სარაევოში. იგი ცდილობს, ადგილობრივ მთავრობას გადაწყვეტილების მიღება დააჩქარებინოს.

ზიაულა ზაჰეერი, ავღანელი მიგრანტი პირს ნაკადულთან იბანს.

„ბანაკიდან ყველა ამ ნაკადულთან მოდის დასაბანად. ცხელი წყალი არ გვაქვს…შეიძლება, ამას ნორმალური თავშესაფარი უწოდო? ამდენი მიგრანტია და ყველა აქ იბანს… მე ვთხოვ ევროკავშირს, რომ სერიოზულად მიუდგეს მიგრანტებსი საკითხს და რაღაც გააკეთოს მათთვის“, – ამბობს იგი.

ქალაქი ბიჰაჩი რომელიც ბოსნია-ხორვატიის საზღვართან ახლოს მდებარეობს. აქ დაახლოებით 60 მიყრუებული ადგილია, სადაც მიგრანტები აფარებენ თავს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მათ საკვებსა და სანიტარულ პროდუქტს აწვდის.

ევროკავშირი ყოველ წელს, საშუალოდ, ოც მილიონ ევროს აძლევს ამ ქვეყანას, რომ საემიგრაციო საკითხები მოაგვაროს, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურების  მუშაობა ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემად რჩება. ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მთავრობა ბლოკავს. ბოსნია-ჰერცეგოვინის რამდენიმე რეგიონი გადაჭრით ამბობს უარს მიგრანტების შეფარებაზე.

ნატაშა ომეროვიჩი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ბიჰაჩში:

„საშინელი მდგომარეობაა. როგორც ხედავთ, ხალხს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვს. აქ 120 კაცია, მაგრამ  ამ რეგიონში კიდევ 1000 მიგრანტია  მიმოფანტული ისეთ მიტოვებულ შენობებში, აქ რომ ხედავთ…“

ანუში ამბობს, რომ აზერბაიჯანული წარმოშობის ირანელია და მას, პოლიტიკური შეხედულებების გამო, ირანში დევნიდნენ. იგი თავის მეგობარ მილადთან ერთად წამოვიდა ევროპისკენ. ანუში ბიჰაჩის ამ მიტოვებულ შენობაში ახლახან დასახლდა.

ანუშ მოსტაფაი, ირანელი მიგრანტი:

„ირანიდან სამი წლის წინ წამოვედი და აქ ჩამოვედი. საზღვარი დაკეტილია და რა უნდა ვქნათ? – იქნებ, ვინმე დაგვეხმაროს, თუნდაც კონტრაბანდისტები ან არ ვიცი, ვინმე, ვისაც ფულს გადავუხდით.“

ბირას ქარხანა ადრე მაცივრებს აწარმოებდა. გასული წლის სექტემბრამდე აქ  მიგრანტთა დროებითი ბანაკი იყო განთავსებული, სადაც 2 ათასი მიგრანტი აფარებდა თავს. როგორც  ადგილობრივმა მოსახლემ სეიდ შეჰიჩმა „ევრონიუსს“ უთხრა, იმ პერიოდში   ძარცვის შემთხვევებმა ძალიან მოიმატა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის…

სეიდმა გაგვიყვანა საკუთარი სახლის უკანა ეზოში, რომელიც ყოფილ ბირას ბანაკს ესაზღვრება. როდესაც აქ კარტოფილი მოჰყავდა, ძალიან ბევრი უსიამოვნება შეემთხვა.

სეიდ შეჰიჩი, მიგრანტების საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილე:

„ხუთი მიგრანტი გადმოვიდა ჩემს ბაღში, ერთ მათგანს გრძელი დანა ეკავა და თავს დამესხა. ბედზე დანა კუჭს ასცდა და მხოლოდ ტანსაცმელი დამიზიანა. უკან დავიხიე, ხელი მოვაფათურე  და იქვე ფიწალი მომყვა ხელში, ის ჩავარტყი თავდამსხმელს და ვუთხარი, დანა გადაეგდო.“

სანამ უნა-სანის კანტონის პრემიერ-მინისტრს შევხვდებოდით, ერთმა მაღალჩინოსანმა ევროპელმა დიპლომატმა ჩუმად გაგვაფრთხილა, რომ ეს კაცი მზად იყო, მიგრანტები ყინვაში სასიკვდილოდ გაეწირა. მუსტაფა რუჟნიჩი თავის მკაცრ ანტიმიგრანტულ მიდგომას უსაფრთხოებაზე ზრუნვით ამართლებს. ამბობს, რომ მის კანტონში მიგრანტები ძალიან ხშირად ჩადიან დანაშაულს.

მუსტაფა რუჟნიჩი, უნა-სანის კანტონის პრემიერ-მინისტრი:

„უნა-სანის კანტონში მუდამ შეტაკებებია პუშტუნებსა და ჰაზარელებს, შიიტებსა და სუნიტებს შორის. ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ მიგრანტებმა 3200 დანაშაული ჩაიდინეს, მათ შორის გაუპატიურება, მიგრანტებს შორის მკვლელობა, იყო ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის მცდელობაც. ცეცხლს უკიდებენ ადგილობრივი მოსახლეობის სახლებს და ძარცვავენ. ჩვენი ქალაქიდან ყველა მიგრანტის დეპორტაცია უნდა მოხდეს, ყველა უკანონოდ არის აქ.“

„არა ბანაკებს“ – აწერია ბანერებს, რომლებიც ბირას ბანაკის შესასავლელზეა გაკრული. უკმაყოფილო ადგილობრივი მოსახლეობა წინააღმდეგია, რომ აქ კეთილმოწყობილი ბანაკი გაიხსნას. „ევრონიუსმა“ამ დახურულ ბანაკში შესვლის ნებართვის აღება მაინც შეძლო.

გასული წლის აპრილში ბიჰაჩში მიგრანტების ჯგუფებს შორის დიდი შეხლა-შემოხლა მოხდა, ამ დაპირისპირებაში 450 კაცი მონაწილეობდა.

სექტემბერში ბანაკი დახურეს, მაგრამ კეთილწმოყობილი ინფრასტრუქტურა ხელუხლებლად დგას. გაუსაძლის პირობებსა და ყინვაში მცხოვრები მიგრანტების პრობლემა რომ მოგვარდეს, ევროკავშირმა ადგილობრივ ხელისუფლებას ამ ბანაკის თავიდან გახსნა ურჩია. მაგრამ  მათ უარი განაცხადეს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ნატაშა ომეროვიჩი წუხს, რომ მდგომარეობა ჩიხში შევიდა.

ნატაშა ომეროვიჩი:

„ეს ადგილი მზადაა, რომ 24 საათში შევიდეს ექსპლოატაციაში. სულ 250 ოთახი გვაქვს და თითოში 6 კაცის განთავსება შეიძლება – საერთო ჯამში ამ ბანაკში 1500 მიგრანტის დაბინავება შეიძლება.“

ბოსნია რომ დავტოვეთ, სტამბოლის აეროპორტში მოგვიხდა გადაჯდომა. დავინახეთ, რომ ზოგიერთ მგზავრს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცილებდნენ. ეს ის მიგრანტები არიან, რომლებმაც საკუთარი ნებით მოინდომეს უკან დაბრუნება, მათ ბილეთებითა და ტრანსპორტირებით ეს ორგანიზაცია უზრუნველყოფს.

გასულ წელს ორგანიზაცია 303 მიგრანტს დაეხმარა შინ დაბრუნებაში.

ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი

უახლესი

სხვა ამბები

ბოსნიელი მიგრანტებიბოსნიელი მიგრანტები