თუ პანდემიამ ბიზნესს რამე ასწავლა, ის არის, რომ თუ საჭიროა, სწრაფად მოქმედებაც შეუძლია… განსაკუთრებით, თუ საქმე ტექნიკას ეხება.
დანიური კომპანია BKI, რომელიც დანიაში ყავის ყველაზე დიდი მწარმოებელია,სწორედ ტექნოლოგიურმა ცვლილებამ მიიყვანა წარმატებამდე.
კომპანიას ორჰუსთან ახლოს აქვს საწარმო, რომელშიც მთელი მსოფლიოდან შემოტანილ ყავის მარცვლებს ხალავენ და აფასოებენ. ამ კომპანიაში, რომელსაც 1960 წლიდან ერთი ოჯახი ფლობს, იციან, რომ თუ გინდა გადარჩე, უნდა განახლდე.
ამიტომ კომპანიამ პირველმა დანერგა თავის მარკეტინგულ ქსელში ყავის ეკოლოგიური მასალით შეფუთვა.
იბ ჰაუბერგი, BKI ქარხნის მენეჯერი:
“ჩვენი ყავის საწარმო პირველია, რომლის ყავის შესაფუთი ფოლგაც არ შეიცავს ლითონს და გადამუშავებას ექვემდებარება. ასე მავნე გამონაბოლქვი 25 პროცენტით, პლასტმასის ნარჩენი კი 15 პროცენტით შევამცირეთ. ამით გარემოც იგებს და ბიზნესიც.”
მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის კვალდაკვალ, BKI-მ საწარმოო სისტემა ციფრულ პლატფორმაზე გადაიყვანა.
იბ ჰაუბერგი, BKI ქარხნის მენეჯერი:
„ქარხნის მთელი საწარმო პროცესი, მოხალვის ჩათვლით, ავტომატიზებულია. სწორედ ამის წყალობით გაზარდა ქარხანამ წარმოება, ამის გარეშე შეიძლება, ბიზნესი ვერც გადაგვერჩინა.“
საწარმო რომ განეახლებინა, „BKI-მ ევროპის განვითარებული წარმოების მხარდამჭერ ცენტრს მიმართა.
ეს ცენტრი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ეხმარება, რომ დიდ საწარმოდ გადაიქცნენ. ეს პროექტი იმ ფართო ინდუსტრიული სტრატეგიის მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელიც მწვანე და ციფრული ტექნოლიგიების განვითარებას აძლევს სტიმულს.
ამ სტრატეგიის შესახებ მეტის გასაგებად „ევრონიუსი“ევროკომისიის წარმომადგენელს ესაუბრა.
ეს ტექნოლოგიური რევოლუცია კომპანიებს ახალ შესაძლებლობებსაც აძლევს და პრობლემებსაც უქმნის. რას აკეთებთ იმისთვის, რომ კომპანიებმა ცვლილებებს ფეხი აუწყონ, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ?
კერსტინ ჯორნა, ევროკომისიის წარმომადგენელი:
„ევროკომისია ცდილობს, გაარკვიოს, რომელი ბიზნესისთვის სად რა შესაძლებლობაა, სად ჯობია მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა და სად გაციფრულება იქნება უფრო უპრიანი. გაციფრულების მნიშვნელობას ბევრი კომპანია მიხვდება. ჩვენ სწორედ ამ პროცესში ვეხმარებით, როგორც ინვესტიციის, ისე სტრატეგიის შემუშავების კუთხით, რომ შესაბამის რეგულაციებს მოერგონ.“
დღეს ბიზნესი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი, თავის გადარჩენას ცდილობს. რას ეტყოდით მათ?
„ჩვენ გვესმის, რა რთულ მდგომარეობაში ხართ და ვცდილობთ, დაგეხმაროთ. თუმცა ამისთვის ჩვენთან ერთად უნდა იმუშაოთ, წინ გაიხედოთ და ისეთი პროექტები დაგეგემოთ, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, ინვესტიციების მიღებაში დაგეხმაროთ, რომ უფრო ეკოლოგიური და ციფრული ბიზნესი შექმნათ, რომელიც მომხმარებელთან მისვლას გაგიადვილებთ. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს.“
და ბოლოს, რას იტყვით ევროკავშირის ინდუსტრიის დღეებზე. ეს ევროპის ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. რატომ უნდა ჩაერთონ კომპანიები ამ ღონისძიებებში?
„ეს არ არის ერთი ღონისძიება, ეს მოვლენა 10-ზე მეტ ღონისძიებას აერთიანებს და კომპანიამ იმიტომ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომ აქ სხვისი გამოცდილების მოსმენა და გაზიარება შეუძლია. აქ შეგიძლია, უკეთესად დაინახო, სად არის ბიზნესშესაძლებლობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ალღოს აუღებ, საით მივდივართ ჩვენ ყველა. ეს ყველაზე ღირებულია და ამიტომ ღირს ჩაერთო.“