მთავარისაქართველო„გვეშინია!“ - ვაშლიჯვრის მოსახლეობამ აქცია გამართა

„გვეშინია!“ – ვაშლიჯვრის მოსახლეობამ აქცია გამართა

ლისის ფერდობზე გაჩენილი ნაპრალის გამო ვაშლიჯვრის მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი ყოველგვარი მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ  და არსებული ვითარების შესწავლაში დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის ჩართვას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა  თავს უსაფრთხოდ არ  გრძნობს. თბილისის მერის მოადგილე კი აცხადებს,  რომ  მოსახლეობას ჯერ-ჯერობით საშიშროება არ ემუქრება.

ეს ვაშლიჯვარში მცხოვრებთა ის ნაწილია, რომელიც  ლისის ფერდობზე გაჩენილი ნაპრალის გამო ღელავს და გადაუდებელი ზომების მიღებას  ითხოვს. ამ მიზნით, მათ კვირას, 28 მარტს, ნანტის პარკში აქცია გამართეს  და ერთმანეთს ასე მოუწოდებდნენ –  „გადავარჩინოთ ვაშლიჯვარი!“ – შეკრებილები ამბობდნენ, რომ მეწყრის საშიშროების გამო ისინი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.

„საშიშია და იმიტომ ვდგავართ აქ! გვეშინია!“ – ამბობს ჯემალ პერტაია, ადგილობრივი მცხოვრები.

 

„მთავარი არის ადამიანების უსაფრთხოება და ჯანსაღი გარემო. ქალაქში ადამიანები თავს დაცულად უნდა გრძნობდნენ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვასო ურუშაძემ.

„ჩემი აზრით, ახლა დამნაშავის ძებნას აზრი არ აქვს. მთავარია, რომ ამ პრობლემას მივხედოთ და შესაბამისად, გადარჩეს მოსახლეობა“, – ამბობს თამუნა კაჭარავა, ადგილობრივი მცხოვრები.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ვაშლიჯვრის მოსახლეობას უამრავი კითხვა დაუგროვდა, რომლებზეც პასუხი არ ჩანს:

„რას გეგმავს მერი,  რა იგეგმება შემდგომი ექვსი თვის განმავლობაში, რამდენად უსაფრთხოა დღეს აქ ცხოვრება, არის თუ არა ევაკუაცია საჭირო – არც ერთ ამ კითხვაზე ჩვენ ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს“, – განაცხადა სოფო ასათიანმა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

აქციის მონაწილეებმა  ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელშიც წერია, რომ მოსახლეობის მთავარი მოთხოვნაა, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე ყველა სახის მშენებლობა შეჩერდეს.

„ჩვენი დღევანდელი მოთხოვნები პეტიციის მოთხოვნებს ემთხვევა, რომელიც ცოტა ხნის წინ მერიაში შევიტანეთ, მთავარი მოთხოვნა მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადება და ექსპერტთა ჯგუფის  ჩართულობაა“,- ამბობს რუსუდან ფანოზიშვილი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, მოსახლეობის ევაკუაცია ჯერ-ჯერობით არ არის აუცილებელი.

„პირველი რაც შეგვიძლია მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით ითქვას, არის ის, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ რეალური საფრთხე დადგება, (რისიც დიდი იმედი გვაქვს, რომ არ დაგვჭირდება) ჩვენ წინასწარ ვიზრუნებთ მოსახლეობაზე“, – ამბობს ირაკლი ბენდელიანი.

ამასთანავე, მერიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც იგი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისათვის 7 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. პროექტზე ტენდერი 25 მარტს გამოცხადდა და მის განსახორციელებლად მერიამ 150 დღე გამოჰყო.

სპეციალისტების თქმით, ლისის ფერდობზე გაჩენილი ბზარები მზარდი და დინამიკურია. ადგილობრივი მოსახლეობა კი წუხს, რომ მერიის მიერ მიღებული ზომები, შესაძლოა დაგვიანებული იყოს და ისინი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend