მთავარი გადაცემები ბიზნესპლანეტა „ადამიანური“ ტექნოლოგია

„ადამიანური“ ტექნოლოგია

პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა დაგვანახა, რამდენად ვართ დამოკიდებული ტექნოლოგიებზე …ამიტომ კომპანიებმა ვირტუალური სავაჭრო პლატფორმების განახლებაზე დაიწყეს ზრუნვა, რომ მომხმარებელს ვაჭრობა გაუმარტივდეს.

ახლო აღმოსავლეთში მომხმარებელი სულ უფრო ხშირად იყენებს ინტერნეტს სურსათის შესაძენად, დისტანციური შეხვედრისა და სწავლის მიზნით. ტანსაცმლის ინდუსტრიას კი  2020 წლის დასაწყისიდან გაყიდვები შეუმცირდა.

 
ზოგიერთი კომპანიის მოსაზრებით, გაყიდვების შემცირების მიზეზი ის არის, რომ ონლაინპლატფორმას ადამიანთან კონტაქტი აკლია.

დუბაიში დაფუძნებულმა კომპანია  Getbee ბრენდებისთვის პირველი პერსონალური პლატფორმა შექმნა, რომელიც მომხმარებელს პირადი კონსულტანტის დახმარებით წარმოდგენილი პროდუქტის უკეთ დათვალიერების, შეფასებისა და არჩევის საშუალებას აძლევს.

ამ კომპანიის ხელმძღვანელი ყოფილი მასწავლებელია. იგი ამბობს, რომ  მაშინ, როცა 2020 წელს მოდის გლობალურ ინდუსტრიას მოგება შეუმცირდა, მისი ონლაინვაჭრობა რამდენიმე თვეში 28 პროცენტით გაიზარდა, რადგან თითქმის 20 ბრენდი იყენებს GETBEE-ის  პლატფორმას.

თეა მირვოლდი, GETBEE -ის ხელმძღვანელი:

„ონლაინვაჭრობის დროს თითქოს მარტო ხარ, თუმცა ყველამ ვიცით, რომ  ერთი ადამიანი მეორისგან ყიდულობს საქონელს. მომხმარებლის 86 პროცენტს ურჩევნია, რომ ვინმეს ეკონტაქტოს სოციალური ქსელის მეშვეობით.  ასეთი პერსონალური ვაჭრობა კარგად მუშაობს.“

კომპანია  Chalhoub Middle East   ცნობილ ბრენდებს წარმოადგენს, მათ შორისაა „ლანკომე“ Lancôme და „ფეისი“ Faces. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ონლაინპლატფორმაზე ადამიანთან მეტი კონტაქტი წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ.

ალექსანდრა ჰარჩიარეკი, ციფრული მენეჯერი

„ეს დაგვეხმარა, რომ გადავრჩენილიყავით და ისეთი შედეგი მიგვეღო, რომელსაც ვერ მივიღებდით, თუ ჩვენი ტექნოლოგიების სპეციალისტებს დავუწყებდით ლოდინს, როდის შეგვიქმნიდნენ ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმებს.“

ტექნოლოგიებში ადამიანის როლის გაძლიერება მეტ ნდობას იწვევს. ამიტომ სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ადამიანის ფუნქცია ისეთ რთულ ტექნოლოგიებშიც უნდა გაძლიერდეს, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ციფრული ანალიზი. ჩნდება კითხვა – უშვებს თუ არა ტექნოლოგია შეცდომებს? …პასუხია – „დიახ“.

ყველაფერი ხომ ადამიანზეა დამოკიდებული…მათ შორის ის მონაცემებიც, რომლებსაც ციფრული ანალიზი ეყრდნობა.

2015 წელს „ამაზონის“  თანამშრომლების დამქირავებელმა ხელოვნურმა ინტელექტმა დაადგინა, რომ ნაკლებად არჩევდნენ იმ რეზიუმეს, რომელშიც სიტყვა „ქალი“ ეწერა.

2018 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ  სახის ამომცნობი ალგორითმი,  თეთრკანიანისგან განსხვავებით, ფერადკანიანი ადამიანის შემთხვევაში მეტ შეცდომას უშვებდა.

2020 წელს კომპანიებმა Microsoft-მა, IBM-მა და Amazon-მა უარი უთხრეს ამერიკის პოლიციას სახის ამომცნობი სისტემის მიყიდვაზე, რადგან ამას შესაძლოა  რასობრივი დისკრიმინაცია და მასობრივი თვალთვალი გამოეწვია.

თუმცა, როგორც აუდიტორულმა კომპანია Price Waterhouse Cooper-მა გამოიკვლია, ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირების დროს ბიზნესის მხოლოდ 25 პროცენტი ითვალისწინებს ეთიკურ ფაქტორს. ამ შეფასების მიხედვით, ტექნოლოგიის სექტორი 2030 წლისთვის გლობალურ ეკონომიკაში 13 ტრილიონ ევროს შეიტანს.

დამწყები ბიზნესის Startup DatumCon-ის ხელოვნური ინტელექტი ნავთობის ბურღვითი სამუშაოების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. იგი განსაზღვრავს, დაცულია თუ არა პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის ნორმები, ან რას გრძნობს  ადამიანი.

ამ ტექნოლოგიური კომპანიის DATUMCON-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ცალკეულ დავალებებს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უკეთ ასრულებს, თუმცა კომპლექსური დავალების შესრულების დროს, ადამიანის ჩარევის გარეშე, ტექნოლოგია შეიძლება მიკერძოებული იყოს.

ცეზარ ანდრეს ლოპესი, DATUMCON-ის ხელმძღვანელი:

„მაგალითად, როცა ამ ტექნოლოგიას აქ, დუბაიში ვნერგავთ, ყოველმხრივ ვცდილობთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მონაცემები ავიღოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მონაცემებში ადგილობრივი თვისებები აისახოს.“

კომპანია DATUMCON-ი 30 ათასს სხვადასხვა სახეს იყენებს იმისთვის, რომ ტექნოლოგიამ ფსიქოლოგის მეთვალყურეობით ადამიანის ემოციის დადგენა შეძლოს.

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შეიქმნას ტექნოლოგია, რომელიც ადამიანს უკეთ გაუგებს და უფრო „კეთილსინდისიერიც“ იქნება.

ავტორი: სალიმ ესაიდი

უახლესი

სხვა ამბები

ტექნოლოგიატექნოლოგია
Send this to a friend