მთავარი ამერიკა აშშ „ტექგიგანტების“ აღმასრულებელი დირექტორები კონგრესში დაიბარეს

„ტექგიგანტების“ აღმასრულებელი დირექტორები კონგრესში დაიბარეს

კონგრესში ტექნოლოგიური გიგანტების – ფეისბუკის, ტვიტერისა და გუგლის აღმასრულებელი დირექტორები დაიბარეს. დემოკრატი კანონმდებლები მოითხოვდნენ, რომ მათ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა აეღოთ დემონსტრანტების კაპიტოლიუმში შეჭრის ფაქტსა და კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციის გავრცელებაზე.

კომპანიების  დირექტორებმა თავის დაცვა სცადეს და განაცხადეს, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, გაფილტრონ სოციალურ ქსელებზე განთავსებული ინფორმაცია ისე, რომ გამოხატვის თავისუფლების პრინციპი არ დაირღვეს.

„დეზინფორმაცია ძალიან ფართო გაგებაა. ჩვენ ისეთი შემთხვევები უნდა შევისწავლოთ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებას“, – აცხადებს „ტვიტერის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯეკ დორსი.

კონგრესის მოსმენაზე უკმაყოფილება რესპუბლიკელმა სენატორებმაც გამოთქვეს. მათი თქმით, სოციალური მედიის კომპანიები მიკერძოებული არიან და ცენზურას ყველაზე ხშირად კონსერვატიული შინაარსის ინფორმაციის წინააღმდეგ იყენებენ.

 

მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ,  ფეისბუკისა და ტვიტერის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპს პირადი ანგარიში გაუუქმა.

„ბევრი ადამიანი შეშფოთებულია იმის გამო, რომ კერძო კომპანიებს დემოკრატიულად არჩეული პოლიტიკური ლიდერების ანგარიშების გაუქმება შეუძლიათ. მე ვფიქრობ, რომ კომპანიების წარმომადგენლები ასეთ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად არ უნდა იღებდნენ, ამიტომაც ჩვენ შევქმენით დამოუკიდებელი საბჭო, რომელსაც მსგავსი გადაწყვეტილებების გაუქმების შესაძლებლობა მიეცემა“, – აცხადებს „ფეისბუკის“ აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი.

რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც, მათ შორის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, თანხმდებიან, რომ საჭიროა ტელეკომუნიკაციების კანონმდებლობის გადახედვა, რომლის მიხედვით, კომპანიებს მათ პლატფორმებზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ.

„ეს დიდი გამოწვევაა. აქ მარტივი პასუხები არ არსებობს. ყოველდღიურად „იუთუბზე“ 500 საათზე მეტი ხანგრძლივობის ვიდეოები იტვირთება. „გუგლის“ საძიებო სიტყვების 15 პროცენტი ყოველდღიურად ახლდება“, – აცხადებს „გუგლის“ აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიჩაი.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კონგრესი სოციალური მედიის კომპანიებზე რეგულაციების დაწესებისთვის ემზადება.

უახლესი

სხვა ამბები

ტექგიგანტებიტექგიგანტები